საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრებმა ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.
ქართველების გუნდმა, რომლის შემადგენლობაში დავით გიორგობიანი, პაატა გურასპაული, ზაზა ღონღაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გია სანაძე, გია ბერუაშვილი, ილია კეჭაყმაძე, ლევან წულაია, ალექსანდრე ფერიაშვილი და სხვანი თამაშობენ, ორლანდოში ჩატარებულ ტურნირზე 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ 1, ჯგუფიდან გამსვლელი მატჩი წააგო ჩეხეთის ნაკრებთან და საბოლოოდ მე-9 ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრების ბოლო მსხვერპლი პოლონეთის ვეტერანთა ნაკრები გამოდგა. როგორც ქართველებს, ისე პოლონელებს პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა მატჩი ჰქონდათ მოგებული და ერთმანეთს ტურნირის მე-9 ადგილს ეცილებოდნენ. ჩვენმა ვეტერანებმა დამაჯერებლად ჩაატარეს შეხვედრა და საბოლოოდ, ანგარიშით 64:48 გაიმარჯვეს.
ამით დასრულდა ქართველი ვეტერანების ამერიკული ვოიაჟი, რომლის განმავლობაშიც ჩვენმა ნაკრებმა ჩილეს, ვენესუელას, კოლუმბიის, სერბეთის და პოლონეთის ნაკრებები დაამარცხა. ერთადერთი წაგება, როგორც თავში ვთქვით, ქართველებმა ჩეხეთთან განიცადეს. იმ შეხვედრას ჩვენები პირველი ტაიმის შემდეგ 16 ქულით იგებდნენ, მაგრამ დაღლილობამ იჩინა თავი და...
ვეტერანთა ნაკრები, რომელსაც ცნობილი ვეტერანი ნოდარ ქორქია წვრთნის, ერთ გუნდად ვარჯიშს მომავალშიც გააგრძელებს და ეცდება, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებს არ გამოაკლდეს.
www.gbf.ge