საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო. პირველივე მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე მასპინძელი იტალია იყო, რომელმაც 12 დღის წინ, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებს იოლად – 87:67 მოუგო. ქართველებს ძალიან ცოტა დააკლდათ მასპინძლების დამარცხებამდე და ბოლო წამებზე იღბალმაც აქცია ზურგი.
მთელი თამაშის განმავლობაში ქართველები ღირსეულად ეთამაშებოდნენ იტალიელებს და ტოლს არაფერში უდებდნენ. მატჩის დასრულებამდე 5:30 წუთით ადრე იგორ კოკოშკოვის გუნდი 4 ქულით – 83:79 იგებდა, თუმცა შემდეგ იტალიელებმა, რომელთაც 7-ათასიანი დარბაზის სანახევროდ შევსებული ტრიბუნები უჭერდა მხარს, ძირითადად შორი სროლებით მოახერხეს მათთვის სასარგებლო ანგარიშის დაფიქსირება.
ზედიზედ შესრულებული 3 სამქულიანის შემდეგ (2 დანიელ ჰაკეტი, 1 დანილო გალინარი) იტალიელები საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 88:83 დაწინარუდნენ. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა მაშინ, როცა ზაზა ფაჩულიას საჯარიმოების შემდეგ ანგარიში 85:88-მდე შევამცირეთ, შეტევაში მატჩის დასრულებამდე 1.17 წუთით ადრე ბურთი დავკარგეთ. მიხედავად ამისა, გიორგი ცინცაძის ზუსტ გარღვევას დასრულებამდე 50 წამით ადრე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება მოჰყვა, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ რამდენიმე წამში სამქულიანით წინ გაიყვანა საქართველო - 90:89.
იტალიას თამაშის გადასარჩენად 20 წამი ჰქონდა და დე ლა ვალემ დასრულებამდე 9 წამით ადრე სამიანი ჩაგვიგდო. ქართველებს 9 წამი ჰქონდათ შეტევისთვის და 3 სროლა ვერ გამოიყენეს. 3-იანი ჯეიკობ პულენმა გააცუდა, დამატებაზე კი ზაზა ფაჩულიას ჩაგდებული ბურთი ამოვარდა კალათიდან. საბოლოოდ, იტალიელთა ურთულესი გამარჯვება – 91:90.
ტრიესტის ტურნირი. 28 აგვისტო
იტალია - საქართველო 91:90 (24:19, 24:26, 23:25, 20:20)
www.gbf.ge