ჩოგბურთი

18:22 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს გადამწყვეტი მატჩი ფაბიანოსთან ელის

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათისთვის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ტომას ფაბიანოს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში თამაშის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ ეტაპზე ამერიკელ მიტჩელ კრუეგერს აჯობა.

ქართველ ჩოგბურთელს, რომელიც ატპ-ს რეიტინგში 97-ე ადგილზეა, მსოფლიოს 240-ე ჩოგანთან საკმაოდ გაუჭირდა. ნიკოლოზმა პირველი სეტიც წააგო, თუმცა, მობილიზება მოახერხა და საათსა და 46 წუთში 4:6, 6:2, 6:3 იმარჯვა.

ბასილაშვილმა 6 ეისი მოაწოდა, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 71% (41 58-დან) მოიგო, მეორეზე კი – 46% (11 24-დან). ქართველმა ჩოგბურთელმა 11-დან ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ჯამში 58 გათამაშება მოიგო, ხოლო ესპანელმა – 38.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ფაბიანოს რეიტინგში 188-ე პოზიცია უკავია. მან კვალიფიკაციის გასულ მატჩებში 32-ე ნომრად განთესილ არგენტინელ ფაკუნდო არგუელოს (6:2, 7:5) და ბელგიელ მაქსიმ გიგუნოს (4:6, 6:1, 6:1) მოუგო.

ბასილაშვილის და ფაბიანოს მატჩი მე-6 კორტზე დასკვნით მე-3 წყებაშია დაგეგმილი.

ისიც ვთქვათ, რომ კვალიფიკაციის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ამათგან ერთ-ერთს ეთამაშება: ანდრეას სეპი (იტალია, 25), ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი, 18), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ტომი რობრედო (ესპანეთი, 26), გაელ მონფილსი (საფრანგეთი), მარინ ჩილიჩი (ხორვატია, 9), ლუკას პოუილე (საფრანგეთი), გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი, 17), ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი), კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა, 15), ადრიან მანარინო (საფრანგეთი), დენის კუდლა (აშშ), მიხაილ იუჟნი (რუსეთი), ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია, 29) ანაც კვალიფიკაციისვე ერთ-ერთი გამარჯვებული.

0.113983