90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ბექა ღვინიაშვილმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ-სამი შეხვედრა მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ქალთა ნაკრების ერთადერთმა წევრი ესტერ სტამი კი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.
ლიპარტელიანმა ჩემპიონატი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრ მიხაილ მარჩიტანის შებოჭვით გახსნა. ამერიკელი ჯაკობ ლარსენი ორ წუთში ჩამოიშორა, მერვედფინალში კი ფრანგ ალექსანდრე იდირს დაეჭიდა და შეხვედრის ბოლო წუთზე გაშვებულ იუკოს საფინალო გონგამდე 4 წამით ადრე შესრულებული შებოჭვით უპასუხა.
ღვინიაშვილი მეოთხედფინალამდე იპონ-იპონ მივიდა. უკრაინის ნაკრების წევრი ქუეჯაუ ნჰაბალი ორწუთნახევარში გააკრა ტატამს. პოლონელ პატრიკ ციეჩომსკის წუთი და 48 წამი აკმარა, ხოლო სერბ ალექსანდრ კუკოლჟს 3 წუთსა და 10 წამში.
სტამმა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა იაპონელ ჩიზურუ არაისთან სუფთად წაგებით დაასრულა. იქამდე კი მაროკოელი ასამა ნიანგი უილეთო შეხვედრაში ერთი გაფრთხილების უპირატესობით ჩამოიშორა.
მეოთხედფინალში ლიპარტელიანი სამხრეთკორეელ დონგ ჰან გვაკს დაეჭიდება, ხოლო ღვინიაშვილი – იაპონელ მაშუ ბეიკერს.