კალათბურთი

10:56 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიაში 2-საათიანი ვარჯიში ჩაატარა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიაში ჩასვლის დღეს „პალატრიესტეში“ ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ტრიესტში დღის 2 საათისთვის ჩავიდა, დაისვენა და საღამოს 8-ის ნახევარზე იმ არენაზე, სადაც საერთაშორისო ტურნირი უნდა ჩატარდეს, ორსაათიანი ვარჯიში გამართა.

ჩეზარე რუბინის სახელობის სპორტული დარბაზი 7 ათას მაყურებელს იტევს და იტალიის ნაკრების მატჩებზე ტრიბუნების შევსებას ელოდებიან, თუმცა ბილეთების ფასიდან გამომდინარე ადგილობრივებს ეეჭვებათ, დარბაზი მთლიანად შეივსოს. ბილეთები 10-26 ევროს ფარგლებში მერყეობს. არის 2-ევროიანი ბილეთებიც, თუმცა ბოლო, მე-3 იარუსის კენწეროში, საიდანაც მოთამაშეების გარჩევაც კი ჭირს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მცირე ტკივილები რამდენიმე კალათბურთელს აწუხებდა, თუმცა არა ისე, რომ არ ევარჯიშათ, ანაც მათ დღევანდელ თამაშს რამე საფრთხე დამუქრებოდა. მწყობრშია თორნიკე შენგელია და დღეს ის, სავარაუდოდ, ითამაშებს.

„თორნიკეს დღეს დაველაპარაკები, ექიმებსაც მოვუსმენ და გადავწყვიტავთ, ითამაშებს თუ არა“ - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა, რომელსაც ვარჯიშის შემდეგ შენგელიაზე დავეკითხეთ. შენგელიას ვარჯიშის შემხედვარე, ძნელი სავარაუდოა, იფიქრო, რომ ის იტალიელების წინააღმდეგ მოედანზე არ გავა. თორნიკე მეტად მოტივირებული და რაც მთავარია, ჯან-ღონით სავსეა და კოკოშკოვის მიერ მიღებულ ყველა დავალებას შეუფერხებლად ასრულებდა.

ეროვნული ნაკრები თამაშის დღეს დილის მსუბუქ ვარჯიშს ჩაატარებს. კოკოშკოვი გუნდს ჩეზარე რუბინის დარბაზში 11 საათზე შეკრებს და იტალიელებთან მატჩის წინ ბოლო მითითებებს მისცემს.

www.gbf.ge

0.116582