კალათბურთი

23:20 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები ტრიესტში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები იტალიაშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან ქალაქ ტრიესტში დღეს ჩავიდა და სასტუმრო “პორტო სან როკოში“ დაბინავდა.

საქართველოს ნაკრებმა იტალიისკენ გეზი დილის 10:00 საათზე აიღო. პოდჩეტრტეკიდან ტრიესტამდე სავალი გზა საქართველოს ნაკრების ავტობუსმა 3 საათში დაფარა. გზაში შეფერხება არ ყოფილა და ნაკრების ავტობუსი ისე ჩავიდა ტრიესტში, მოთამაშეები არ დაღლილან.

სან როკო, სადაც საქართველოს ნაკრები დაბანაკდა, ტრიესტის გარეუბანია და ზღვისპირას მდებარეობს. სასტუმრო ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებს, სადაც, პორტში, უამრავი მცირე ზომის, კერძო იახტებია. ნაკრების წევრებმა ადგილობრივი დროით 2 საათისთვის ისადილეს და საღამოს ვარჯიშამდე სასტუმროს ნომრებში დაისვენეს.

სლოვენიაში ჩატარებული ერთკვირიანი შეკრების შემდეგ ნაკრები მზადების ახალ დონეზე ავიდა და იტალიაში გასამართი 3 ამხანაგური მატჩი მწვრთნელთა შტაბისთვის მეტად სასარგებლო იქნება, რათა დაინახონ რა გამოასწორდა და რაზე იქნება სამუშაო ევრობასკეტამდე დარჩენილ 3-4 დღეში.

საქართველოს ნაკრები ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე 3 მატჩს გამართავს: 28 აგვისტოს მასპინძელ იტალიას შეხვდება, 29-ში - რუსეთს, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩში ჩვენი მეტოქე ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი მოწინავე – მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.

www.gbf.ge

0.115513