საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სარაევოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.
26 აგვისტოს ქართულ მონაგარს მორიგი მედალი, ამჯერად ბრინჯაო, სართიჭალელმა ნიკოლოზ ჭიკაიძემ (69) შემატა. გუშინ ბრინჯაოს მოპოვება კიდევ ერთ ქართველს შეეძლო, მაგრამ თემურ ჭკუასელიძე (76) მეხუთეზე დარჩა.
ჭიკაიძე მეორე წრეში 1:2 დამარცხდა პოლონელ ნორბერტ დასკიევიჩთან, მანამდე კი უნგრელი მორის კისმონი 3:1 დაამარცხა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა მიყოლებით გაიარა ეგვიპტელი ელსაიდ გლისადი - 3:0; ირანელი შაიან აფიფი - 8:5 და უზბეკი აბუდაკრ ალიმოვი - 2:1.
ჭკუასელიძე ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია, სარაევოში კი ძირითად ბადეში პირველივე პაექრობა დათმო უკრაინელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ დმიტრო კილაშოკთან, რომელიც მერე ჩემპიონიც გახდა. სანუგეშოში ბორჯომელმა ფალავანმა ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი 12:6 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი რუს ასტემა ბარაგუნოვთან მინიმალური სხვაობით, 9:10 დათმო.
არადა, მას ცუდად ნამდვილად არ უჭიდავია, ერთხელ ჯვარედინი მოვლებით მშვენიერ 4-ქულიანზეც გადააგდო მეტოქე და რამდენჯერმე ის თავზე გადახტომაც სცადა, რასაც ეროვნული ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი შედეგიანად იყენებს.
სამწუხაროდ, გუშინ ჩვენებს სხვა წარმატება არ ჰქონიათ. ირაკლი ნაკაშია (42) პირველივე წრეში დამარცხდა იაპონელ კენსუკე შიმიზუსთან, თუმცა კი შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა. ასევე პირველივე პაექრობაში დამარცხდა გიორგი ქაცანაშვილიც (85) – უზბეკ თემურ მირზო მამაჯანოვთან, 0:4.
წაგებულთაგან გიორგი მეფიშვილი (46) აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც სანუგეშოში გადავიდა – ამერიკელ ბრედ კოენთან 8:0 მოგების შემდეგ ისიც 0:4 დამარცხდა ასევე უზბეკთან, ოღონდ მომავალ ჩემპიონ ტურაბეკ ტირკაშევთან. ჩვენებური სანუგეშოში ლიტველ აისტის ლაუგმინასთან მოგების შემდეგ, ყაზახ სულთან ოლჟასთან დამარცხდა და მეშვიდეზე დარჩა.
ამდენად, სარაევოში ჩვენმა ნაკრებმა მედლების სრული კომპლექტი შეკრა. შეგახსენებთ, რომ გუშინწინ მსოფლიოს ჩემპიონი ასევე სართიჭალელი აივენგო რიკაძე (63) გახდა, რომელმაც წლეულს ევროპის პირველობაც მოიგო, ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ჯონი ხეცურიანი (54) კი ვერცხლს დასჯერდა.
ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 38 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა თურქეთს. მეოეზე ირანია 41 ქულით, პირველზე კი რუსეთი - 69.
დღეს და ხვალ ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ, 29 აგვისტოს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
29 აგვისტო - თავისუფალი ჭიდაობა 42-50-58-69-85 კგ
30 აგვისტო - თავისუფალი ჭიდაობა 46-54-63-76-100 კგ
www.wrestling.ge