ბექა ვაჩიბერაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სევილიის “ბეტისში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური ავტორიტეტული გაზეთი Marca იუწყება.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა და სევილიელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება.
Marca-ს ინფორმაციით, ვაჩიბერაძე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, რომელსაც ლონდონის “ჩელსი” და პორტუგალიის “პორტუც” აკვირდებოდნენ.
წელს ჩატარებულ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში მან 3 გოლი გაიტანა და “შახტარის” 19-წლამდელებთან ერთად ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც უკრაინელები ლონდონის “ჩელსისთან” 2:3 დამარცხდნენ.
თავდაპირველად ვაჩიბერაძე “ბეტისი B” ითამაშებს, რომელსაც ხუან მერინო წვრთნის, რათა ახალ კლუბში ადაპტაცია გაიაროს.