საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი გავიდა, მაგრამ შეჯიბრებას ორივე მეოთხედფინალამდე გამოეთიშა, რითაც სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაიკარგა.
ჩემპიონატზე მეორე ნომრად განთესილი ნუგზარ ტატალაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ დმიტრო კანივეცს უილეთო შეხვედრაში ორი გაფრთხილებების უპირატესობით აჯობა (1:3). მეორე წრეში ჩინელ შუაი სუნს ვაზარი და იუკო აუღო, თავად კი მხოლოდ ვაზარი გაუშვა.
მერვედფინალში ევროპის ორგზის ვერცხლის პრიზიორი ქართველი ძიუდოისტი მონღოლ ოდბაიარ განბაატარს დაეჭიდა და მეოთხედფინალის საგზურის ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯმა ქართველ ძიუდოისტს მესამე წუთზე მისცა. შეხვედრის ბოლო ორი წუთი ტატალაშვილი მუდმივად უტევდა, განბაატარი კი პასიურობდა, მაგრამ მსაჯმა მისი შიდოთი დასჯისგან თავი შეიკავა.
73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის საწყისი ეტაპის მსგავსად, მისთვის დაუძლეველი ზღუდე ამჯერადაც ფრანგი პიერ დუპრა აღმოჩნდა. მეხუთე წუთის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ქართველი ძიუდოისტი მეტოქეს შიდოთი უგებდა, აკრძალული ილეთის შესრულების გამო ჰანსოკუმაკეთი დაისაჯა.
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცებს შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებიდან კი საქმეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი ჩაებმებიან.