ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანულ ვოკინგში იმყოფება და 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
ბოლქვაძე კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად იყო განთესილი და მასპინძელ ჩოგბურთელებს აჯობა: ჯერ – “უაილდ ქარდის” მქონე კამილ ვერდენ ანდერსონს – 6:3, 6:1, შემდეგ კი, მე-10 რეიტინგის მქონე მანიშა ფოსტერს – 6:0, 6:0.
ძირითად ბადეში მარიამის მეტოქე ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული რუსი ეკატერინა იაშინა იქნება.
რუმინულ მამაიაში ასევე 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა. ის მე-3 ნომრადაა განთესილი და საწყის ეტაპზე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ალექსანდრა პერპერს (რუმინეთი) ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში შაფათავას და რუს ანასტასია კომარდინას მე-4 განთესვა გააჩნიათ და მათ რუმინულ დუეტთან (იონესკუ-ტატარუსი) იოლად იმარჯვეს – 6:1, 6:0. შაფათავა და კომარდინა მეოთხედფინალში მასპინძელთა კიდევ ერთ წყვილს (დასკალუ-ენე) დაუპირისპირდებიან.
თურქულ ანტალიაში 10-ათასიან ტურნირზე ითამაშა თამარ ჭალაგანიძემ. მისი პირველი მოწინააღმდეგე მე-3 რეიტინგის მქონე ბულგარელი იულია სტამატოვა იყო, რომელთანაც ქართველმა 2:6, 1:6 წააგო.
წყვილებში ჭალაგანიძე და რუსი კსენია დმიტრიევა თურქებს – ჩევიკს და ტაკუნიაჩის ეთამაშებიან.