ფეხბურთი

22:26 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მეშვიდე სუპერთასი

დღემდე “დინამოს” საქართველოს სუპერთასი 6-ჯერ მოეგო და გია გეგუჩაძის თავკაცობით ჯილდოს მეშვიდედ დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისელებმა სუპერთასი მიჯრით აიღეს. რაც შეეხება “დილას”, გორელთა მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა.

“დილას”ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლო, როდესაც ლაშა გვალიას პასის შემდეგ, ოთარ მარცვალაძე მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და გიორგი ბეგაშვილმა ბურთი უპრობლემოდ აიღო. “დინამოს” პასუხმა არ დააყოვნა და ვახტანგ ჭანტურიშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმის მერე, ალექსანდრე შევჩენკომ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, ხოლო მარჯვნიდან ჯაბა ჯიღაურის ჩამოწოდების შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ თავით ორი მეტრიდან გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა.

“დილას” მორიგი შეტევის დროს თბილისელთა მცველები თავის საჯარიმოში თავდაპირველად სიტუაციაში ცუდად გაერკვნენ და ისლამ მაშუკოვი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა გორელთა რუს ლეგიონერს ისევ დინამოელთა უკანახაზელებმა არ გაატანინეს.

ტაიმის შუაწელში ლაშა პარუნაშვილმა შორი მანძილიდან ძლიერად “გაისროლა” და შევჩენკომ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. მალე, ალექსანდრე იაშვილმა ცრუ მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში “მოჭრილი” დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

მოწინააღმდეგის კარის აღების რეალური შანსი ჰქონდა გიორგი ნავალოვსკის, რომელმაც “დინამოს” საჯარიმოში ოთარ მარცვალაძესთან “კედელი” გაითამაშა და ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა – ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა.

ნავალოვსკისა და ბრაზილიელი რენე ფერეირას გაწევ-გამოწევის გამო თამაში მცირე ხნით შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ მხარეები დაშოშმინდნენ და მთავარი მსაჯისგან გიორგი ვადაჭკორიასგან ორივე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ტაიმის მიწურულს მაშუკოვმა მარჯვენა ფლანგზე სისწრაფე აკრიფა და ჭანტურიშვილმა მხოლოდ მაისურზე მოქაჩვით შეაჩერა, რის გამოც ყვითელით “დაასაჩუქრეს”.

შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე მარჯვნიდან დავით ხურცილავამ ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას მეორე სართულზე მაშუკოვმა აჯობა და თავით სახიფათოდ დაარტყა.

შესვენების მერე, პირველი სახიფათო მომენტი მეორე ტაიმის შუაში შეიქმნა, როდესაც მათე ცინცაძემ საშუალო მანძილიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბურთი “დილას” კარს მცირედით ასცდა.

მატჩში გადამწყვეტი გოლი 77-ე წუთზე გავიდა, როცა ჯაბა ჯიღაურის საუცხოო პასის მერე, ჭანტურიშვილმა მეტოქის საჯარიმოში კარგად ითამაშა, მეურვეს და კარიდან გამოსულ შევჩენკოსაც გასცდა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა – 0:1.

თამაშის მიწურულს რომან ახალკაცი მაღალ სისწრაფეზე მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიწია და მის მიერ დარტყმული ბურთი ბეგაშვილმა მოიგერია, ახლო მანძილიდან ირაკლი მოდებაძემ დაამატა და კვლავ დინამოელთა მეკარემ ივაჟკაცა. თუმცა, ბეგაშვილს გუნდის დაღალტებაც შეეძლო, როცა მარცვალაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და დინამოელმა ბურთი ძალიან უხერხულად მოიგერია.

სუპერთასი “დინამოს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გადასცა, რომელმაც სფფ-ს პრეზიდენტობაზე განაცხადი ოფიციალურად 25 აგვისტოს შეიტანა. მასთან ერთად დაჯილდოვების ცერემონიალში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ფირცხალავაც მონაწილეობდა.

დილა (გორი) - დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)

25 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

დილა: შევჩენკო, ნავალოვსკი, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კ), ხურცილავა, პაპავა, ფალავანდიშვილი, გვალია (კვირკვია, 56), ძარია (ახალკაცი, 81), მარცვალაძე, მაშუკოვი (მოდებაძე, 73).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

დინამო: ბეგაშვილი, გველესიანი, რენე ფერეირა, კაკაბაძე, თევზაძე (გიორგი გურული, 90), ცინცაძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი, ქვილითაია (კიტეიშვილი, 79), იაშვილი (კ) (არაბული, 90+1).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (77).

გაფრთხილება: გვალია (30), ჭანტურიშვილი (45), ძარია (48), პარუნაშვილი (49), იაშვილი (81), ფალავანდიშვილი (83), ჯიღაური (90+3).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

0.529552