სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტობის მსურველმა რევაზ არველაძემ კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა. მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა სფფ-ს შენობა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ წესების დაცვით შევიტანე განცხადება და დავრეგისტრირდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად.
ფედერაციის რამდენიმე სუბიექტმა წარადგინა რევაზ არველაძის კანდიდატურა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირია. ასევე საფეხბურთო კლუბმა “ვიტ ჯორჯიამ”, გურიის რეგიონალურმა ფედერაციამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონალურმა ფედერაციამ, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონალურმა ფედერაციამ, ფუტსალის ასოციაციამ. მზად ვარ მთელი ჩემი ცოდნა, გამოცდილება და კავშირები მოვახმარო ქართული ფეხბურთის განვითარებას.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან შევიჩერებ უფლებამოსილებას. ადგილობრივ საკითხებში, რომელიც სფფ-ს შეეხება, მონაწილეობას არ მივიღებ.
ერთადერთი, რაც მინდა გავაკეთო, ესაა საერთაშორისო პროექტი. უეფას ეგიდით გაიმართება ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა, სადაც სფფ-ს პრეზიდენტთან ერთად ვარ მიწვეული. იქიდან დაბრუნებული კი ოფიციალურად გადავდგები დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება.