ფეხბურთი

1:35 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” და “ლივერპული” მშვიდობიანად გაიყარნენ (+VIDEO)

“ემირეიტსზე” გამართული ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი ლონდონის “არსენალსა” და “ლივერპულს” შორის კარგი საყურებელი გამოდგა, მაგრამ ტრიბუნაზე შეკრებილმა 60 ათასზე მეტმა ქომაგმა და უამრავმა ტელემაყურებელმა გატანილი გოლი ვერ იხილა.

მიუხედავად ამისა, მოსაწყენად ვერავინ მოიცლიდა, რადგან საგოლე მომენტი მრავლად შეიქმნა და სამჯერ ბურთი ძელმა აისხლიტა. რიგ ეპიზოდებში კი, ჩეხმა და მინოლემ სასწაული სეივები განახორციელეს. პირველ ტაიმში მასპინძელთა დაცვა ბევრს სცოდავდა და ლივერპულიც ვალდებული იყო ანგარიში გაეხსნა, მაგრამ არ გაუმართლა. მეორე ტაიმში არსენ ვენგერმა თამაშში კორექტივები შეიტანა და ახლა “არსენალს” უნდა გაეხსნა ანგარიში, მაგრამ საფეხბურთო განგებამ მეკარეებს გარჯა ბოლომდე დაუფასა.

მატჩის დებიუტში კოუტინიომ ერთი შეხებით გაისროლა და “არსენალის” კარი ზედა ძელმა იხსნა. მერე რემზი გაიხსნა და გოლიც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ის საეჭვო თამაშგარის გამო გააუქმა. ამის შემდეგ ლონდონელების დაცვა მოიშალა, ერთი შეტევისასაც კი, ისინი რამდენიმე შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ ჩეხი მაგრად იდგა. 38-ე წუთზე ფირმინომ კარის გასწვრივ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ბენტეკე უკვე მეკარის საჯარიმოდან ურტყამდა, მაგრამ ჩეხმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ტაიმის მიწურულს კოუტინიომ საჯარიმოს კუთხეში ბელერინს თავბრუ დაახვია და ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა, მაგრამ სადაც ვერ ითამაშა ჩეხმა, იქ მასპინძლებს მშველელად კვლავ კარის ძელი მოევლინა.

ზემოთაც ვთქვით, რომ მეორე ტაიმში “არსენალი” გამოცოცხლდა და საათის თავზე ერთი ძელი გაქვითა. ჟირუმ ბურთი სანჩესს დაუგდო და მანაც თითქოს კარგად დაარტყა, მაგრამ... მერე თავად ჟირუს ჯერი დადგა, რომელიც მეკარის საჯარიმოდან ვარდნაში ურტყამდა და ამჯერად მინოლემ გამოავლინა საოცარი რეაქცია და ბურთის მოგერიება მოახერხა. მერე შკრტელი შეცდა, მაგრამ გაუმართლა და მისი ჩაჭრილი ბურთი “ლივერპულის” კარს ასცდა, ხოლო დამატებულ დროში მინოლემ ოქსლეიდ-ჩემბერლენის დარტმულიც მოიგერია და ეს საინტერესო თამაში უგოლოდ, მაგრამ ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ლონდონი. “ემირეიტსი”. 60 080 მაყურებელი

არსენალი – ლივერპული 0:0 (0:0) (VIDEO)

არსენალი: ჩეხი, ბელერინი, ჩემბერსი, გაბრიელ პაულისტა, მინრეალი, კასორლა, კოკელენი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 82), რემზი, იოზილი, სანჩესი, ჟირუ (უოლკოტი 72).

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლივერპული: მინოლე, კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი, ჯანი, ლუკასი (როსიტერი 76), მილნერი, ფირმინო (აიბი 63), ბენტეკე, კოუტინიო (მორენო 88).

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გაფრთხილება: გაბრიელ პაულისტა (65) - შკრტელი (61), ჯანი (66), გომესი (79), მინოლე (85)

ბურთის ფლობის %: 62-38, დარტყმა: 19 (5) - 15 (8), კუთხური: 7-8, თამაშგარე: 5-4, სეივი: 8-5, ჯარიმა: 2-13

0.160408