მთლიანად აფხაზეთისა და კერძოდ მისი დედაქალაქის სოხუმის წარმომადგენელებს მეტად მდიდარი სპორტული ტრადიცია აქვთ. რაოდენ სასიხარულოა, რომ ზღვისპირელთა წარმატებები დღესაც გრძელდება და ამის უპირველესი დადასტურება სოხუმელ კალათბურთელთა წარმატებული, ჟინიანი, მაყურებლისთვის მიმზიდველი ასპარეზობაა. ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული გუნდი “სოხუმი” გახლავთ. გამოცდილი და ავტორიტეტული სპეციალისტის ვაჟა კვარაცხელიას მეთაურობით გუნდმა შარშან დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, საქართველოს ეროვნული თასისა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალურ მატჩებში ითამაშა. წლეულს გაზაფხულზე კი “სოხუმს” მცირედი დააკლდა სუპერლიგის ნახევარფინალში გასასვლელად – პლეი ოფში გუნდი მომავალ ჩემპიონთან, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებით დაკომპლექტებულ “შსს აკადემიასთან” მეტად დაძაბულ მატჩებში დამარცხდა.
წარმატებით გამოდის როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე 3X3 კალათბურთის “სოხუმიც”. ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის პირველობაზე იასპარეზა (გუნდის შემადგენლობა: ბუბა ბერიშვილი, ვახტანგ ქადარია, დავით ბარბაქაძე, ბექა გოლეთიანი) და საქართველოს ღირსება სათანადოდ დაიცვა. ბუქარესტში გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბარიერის წარმატებით დაძლია და საბოლოოდ კონტინენტის 8 საუკეთესოთა შორის მოხვდა.
რუმინეთში წარმატებით გამოსვლასთან დაკავშირებით “სოხუმს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში უმასპინძლეს. შეხვედრას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი, ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი კოტე კუჭუხიძე დაესწრნენ. აქვე იყვნენ “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. აქვე მოგახსენებთ, რომ "სოხუმის" მიერ საქართველოს 3X3-ზე კალათბურთზე ჩემპიონობის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა კოტე ტუღუშმა, რომელიც შეხვედრას იმის გამო ვერ დაესწრო, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ეროვნული გუნდის შეკრებაზე სლოვენიაში იმყოფება.
ვახტანგ ყოლბაია: “ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებული კალათბურთელების მიღება და მათთან შეხვედრა. ბიჭებმა “ახალი სისხლი” გადაიტანეს სპორტულ სარბიელზე და ავტონომიური რესპუბლიკის სპორტი ახალ, მაღალ საფეხურზე აიყვანეს. დიდი ხანია ვიცნობ ვაჟა კვარაცხელიას, ვაფასებ მის საქმისადმი ერთგულებას, მაღალ პროფესიონალიზმს”.
გია გვაზავა: “დიდი მადლობა ბიჭებს მათი შრომისმოყვარეობისა და კარგი შედეგისთვის. სპორტის დიდწილად პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და ამ მიმართულებით “სოხუმი” სამაგალითოა. ვისარგებლებ შემთხვევით და სამადლობელი სიტყვებით მოვიხსენიებ ვაჟა კვარაცხელიასა და თენგიზ პაჭკორიას მოღვაწეობასაც. მშვენიერი იდეაა “სოხუმის” ფანკლუბის დაარსება და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ამ წამოწყებას მხარს დაუჭერს და შეძლებისდაგვარად, ხელსაც შეუწყობს”.
დიმა ჯაიანი: “ძალიან მახარებს სოხუმელთა წარმატება და მათ მაყურებლის მხარდაჭერას და გამხნევებას ვუსურვებ. როგორც მსახიობმა მშვენივრად ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია პუბლიკის გვერდით დგომა და შექება. ბიჭებს შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებ”.
ვაჟა კვარაცხელია: “სოხუმის” 3X3-ზე კალათბურთელთა გუნდი ბრწყინვალე კოლექტივია, ამასთან უფროს კოლეგებს არც 18 წლამდელები ჩამორჩნენ. მათაც მოახერხეს საქართველოს ჩემპიონატის მოგება და ჩვენი ქვეყნის ნაკრების სახელით “სოხუმმა” მინსკში ევროპირველობაზე ითამაშა”.
თენგიზ პაჭკორია: “3X3-ზე კალათბურთი მეტად პოპულარული სახეობაა. ის ბაქოს ევროპის თამაშების პროგრამაში იყო შეტანილი და სამომავლოდ ოლიმპიური სახეც გახდება. ვულოცავ ბიჭებს ბუქარესტში კარგ გამოსვლას და “რედ ბულის” მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ვახტანგ ქადარიას ჩემპიონობას ვუსურვებ. ერთი-ერთზე კალათბურთში ვახო შარშანწინ 8 საუკეთესოს შორის მოხვდა, შარშან კი მესამე პრიზიორი გახდა. წლეულს ტურნირი 29 აგვისტოს სტამბოლში აიღებს სტარტს (ქადარია ვაჟა კვარაცხელიას მეთვალყურეობით ვარჯიშობს) და სოხუმელს ჩემპიონობას ვუსურვებ. თუკი ასე მოხდა, მომავალ წელს “რედ ბულის” გათამაშებას საქართველო უმასპინძლებს”.
შეხვედრის ბოლოს 3X3-ზე კალათბურთის “სოხუმის” წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელები გადაეცათ. ბუბა ბერიშვილმა და ვახტანგ ქადარიამ ჯილდოსთვის მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდაც ქართული კალათბურთის ერთგულ სამსახურს დაჰპირდნენ. რაც შეეხება კოტე ტუღუშს, მას ხსენებული სიგელი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაეცემა.