ფეხბურთი

0:45 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები

იტალიის სერია A-ში წარუმატებელი სტარტი აიღო “ემპოლიმ”, რომლის რიგებშიც ლევან მჭედლიძე ასპარეზობს. ქართველი ფორვარდი ვერონას “კიევოსთან” მატჩში თადარიგში გახლდათ და მოედანზე 64-ე წუთზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად მაშინ შევიდა, როდესაც ტოსკანელები უკვე აგებდნენ.

საბერძნეთის სუპერლიგაში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი მერებაშვილის “ვერიამ” შინ “იანინა” მიიღო და ფრეს დასჯერდა (1:1). მასპინძელთა ქართველი შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როცა თავისი გუნდი აგებდა. საბოლოოდ, “ვერიამ” 90-ე წუთზე გაათანაბრა.

პირეოსის “ოლიმპიაკოსის” რიგებში გიორგი ლორიასთვის ადგილი 18 კაცშიც ვერ გამოინახა. საბერძნეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კი საკუთარ მოედანზე “პანიონისს” დიდი ანგარიშით, 3:0 მოუგო.

ჰოლანდიის ერედივიზონში წარუმატებელი მატჩი ჩაატარა “ვიტესმა”. არნემელბმა “დე კუიპზე” ადგილობრივი “ფეიენოორდისგან” ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. სტუმართა ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი 90-90 წუთი გაისარჯნენ.

დანიის სუპერლიგაში მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის “ორჰუსი” “კოპენჰაგენს” სტუმრად დაუზავდა – 2:2. ორჰუსელთა ქართველი ბომბარდირი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სხირტლაძე მოედანზე თამაშის დასრულებმადე 12 წუთით ადრე გამოჩნდა.

რუსეთის პრემიერლიგაში ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის “მორდოვიამ” სტუმრად “კრასნოდართან” ერთი ქულა მოიპოვა. ქართველი კიპერი ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა და კარი ამჯერად მშრალად შეინახა. კობახიძე კი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

თუქეთის სუპერლიგაში “ფენერბახჩე” “რიზესფორს” ეწვია და ორი ქულა დაკარგა (1:1). მასპინძელთა შემადგენლობაში ნიკა ძალამიძეს კვალავაც არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ამ უიქ-ენდის ერთი ქართული გოლი უკრაინაში გავიდა. “ზორიამ” თასის ეგიდით გამართულ მატჩში “ხერსონი” მისსავე მოედანზე 5:0 გაანადგურა. ჯაბა ლიპარტიამ კი ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დააფიქსირა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში კი ავთანდილ ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" "სპორტინგ კოვილას" 4:0 აჯობა. მასპინძელთა შორის მე-60 წუთზე ერთი გოლი სწორედ ებრალიძემ გაიტანა.

0.103803