ფეხბურთი

16:48 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერები

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 11 დღე დარჩა. კლუბები აქტიურობენ და რამდენიმე ხმაურიანი გარიგებაც შედგა. ბასტიან შვაინშტაიგერი “მანჩესტერში” გადაბარგდა, ანხელ დი მარიამ კი პსჟ-ში გადაინაცვლა. ფალკაო ინგლისში დარჩა, ამჯერად “ჩელსიში” შეეცდება თავის დამკვიდრებას.

გთავაზობთ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის 27 გამორჩეულ გარიგებას:

1 - ლონდონის “ჩელსიმ” კატალონიის “ბარსელონადან” პედროს ტრანსფერი 33.5 მილიონ დოლარად განახორციელა.

2 - ნიკოლას ოტამენდი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი. “მანჩესტერ სიტიმ” არგენტინელის სანაცვლოდ “ვალენსიას” 50 მილიონი დოლარი გადაუხადა.

3 - “ასტონ ვილამ” “ბარსელონადან” 19 წლის ადამა ტრაორე დაიმატა. ინგლისელებს ტრანსფერი 13.3 მილიონი დოლარი დაუჯდა. ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ესპანელებმა კი მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.

4 - “მანჩესტერ სიტიმ” ედინ ჯეკო “რომაში” ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა. იტალიელებს კი ბოსნიელის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

5 - “სტოკმა” კლუბის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა და მილანის “ინტერიდან” ხერდან შაქირი 18.7 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაიმატა. შვეიცარიელმა ინგლისელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

6 - ანხელ დი მარიამ გასული სეზონის სტარტამდე ბრიტანეთის სარანსფერო რეკორდი დაამყარა. არგენტინელის სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედმა” 93.2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ერთი წლის შემდეგ, სამხრეთამერიკელი პსჟ-ს შეუერთდა, ინგლისელებმა კი 69.2 მილიონი დოლარი მიიღეს.

7 - “ფიორენტინაში” კარგი თამაშის შემდეგ, “ჩელსიმ” მოჰამედ სალაჰი “რომაში” ერთი წლით გაანათხოვრა. “მგლებს” გამოსყიდვის უფლება აქვთ დატოვებული და შესაძლოა, 2015/16 წლების სეზონის ბოლოს ეგვიპტელი იტალიური გრანდის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

8 - კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, არტურო ვიდალი ევროპას დაუბრუნდა და “იუვენტუსი” “ბაიერნში” გაცვალა. “მეფემ” გერმანულ გიგანტთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

9 - “სამპდორიაში” კონტრაქტის გასვლის შემდეგ სერხიო რომერო “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა. ლუის ვან გაალმა არგენტინელი მეკარე უკვე მეორედ გადაიბირა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა რომეროს ტრანსფერი პირველად 2007 წელს “ალკმაარში” მუშაობის პერიოდში განახორციელა.

10 - რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ სიტიში” გადასვლით ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. “ლივერპულმა” ტრანსფერის სანაცვლოდ 76 მილიონი დოლარი მიიღო. სტერლინგმა “ქალაქელთა” სადებიუტო შეხვედრაში “რომას” წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

11 - კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც “რეალმა” არ დააფასა. იკერ კასილიასი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “პორტუს” შეუერთდა. ესპანელმა გოლკიპერმა “სამეფო გუნდის” რიგებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც უმაღლეს დონეზე შეიძლება.

12 - ბასტიან შვაინშტაიგერი - “ბაიერნის” გულშემატკივრების იმედგაცრუება. გერმანელი “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი წლით დაუკავშირდა. “რეკორდაისტერთან” ერთად ბასტიანმა ყველა მაღალი ტიტული მოიხვეჭა.

13 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” მორგან შნეიდერლინი “საუთჰემპტონიდან” 39 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაიმატა. ფრანგმა “წითელ ეშმაკებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

14 - 11-წლიანი პაუზის შემდეგ კარლოს ტევესი “ბოკა ხუნიორსს” დაუბრუნდა. არგენტინელმა ინგლისსა და იტალიაში ითამაშა. გასულ სეზონში “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრაში დაეხმარა. კარლოსს შეეძლო ევროპის საპატიო საკლუბო ტიტული მეორედ მოეგო და თბილისშიც ჩამოსულიყო, თუმცა “ბარსელონამ” მისი გუნდი 3:1 დაამარცხა.

15 - რობინ ვან პერსის მომდევნო გაჩერების ადგილი სტამბოლია. ჰოლანდიელი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ფენერბაჰჩეში” გადაბარგდა. “არსენალისგან” განსხვავებით რობინი “წითელი ეშმაკების” რიგებში ვერ გაბრწყინდა, 2012/13 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, ხოლო შემდეგ მისი კარიერის დაღმასვლა დაიწყო.

16 - “ჩელსი” პიტერ ჩეხმა დატოვა და “არისტოკრატებმა” “სტოკ სიტიდან” ასმირ ბეგოვიჩი დაიმატეს. ბოსნიელმა ლონდონელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

17 - სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ფალკაოს შესახებ ჭორები მრავლად ვრცელდებოდა. საბოლოოდ “მონაკომ” კოლუმბიელი ლონდონის “ჩელსიში” ერთწლიანი იჯარით გაუშვა. თავდამსხმელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გასული სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა. ფალკაო ჯიუტად ცდილობს პრემიერლიგაში ფეხის მოკიდებას და გულშემატკივრები კი ძველი ფალკაოს დაბრუნების მოლოდინში არიან.

18 - “ნიუ იორკ სიტის” ფრენკ ლამპარდის და დავიდ ვილიას შემდეგ ანდრეა პირლო შეემატა. ლეგენდარულმა იტალიელმა ევროპა დატოვა და გულშემატკივრებს გული დასწყვიტა.

19 - “ჰოფენჰაიმის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ფირმინო “ლივერპულმა” 45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადაიბირა. შემტევს შანსი აქვს თავისი სიძლიერე პრემიერლიგაში დაამტკიცოს. ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებში გასული წლის ნოემბერში გამოიძახეს და შეიძლება ითქვას, “მერსისაიდელებმა” ერთ-ერთი მომავალი ვარსკვლავი დაიმატეს.

20 - “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი პეპე რეინა საბოლოოდ “ნაპოლიში” დამკვიდრდა და გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელმა გასული სეზონი მიუნხენის “ბაიერნში” გაატარა.

21 - ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი “ატლეტიკოში” ერთი წელი გაჩერდა და მომდევნო სეზონში უკვე “იუვენტუსის” რიგებში ვიხილავთ. იტალიელებმა ესპანელებს მარიოს სანაცვლოდ 20.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

22 - დიდხნიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ “რეალის” და სამი ხედირას საგა დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და “იუვენტუსში” გადასვლა არჩია. ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23 - “ლივერპულმა” 22 წლის დანი ინგსი “ბარნლიდან” 18.3 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადაიბირა.

24 - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი არ იყო, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” და პსვ მემფის დეპაის ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. ერედივიზიონის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ინგლისელებმა ლუის ვან გაალის ინიციატივით დაიმატეს.

25 - ჯეიმს მილნერმა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და “ლივერპულს შეუერთდა.

26 - ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტმა ტურინის “იუვენტუსმა” “პალერმოდან” პაულო დიბალას ტრანსფერი 35 მილიონი დოლარის სანაცვლოდ განახორციელა.

27 - სატრანსფერო სასჯელის მიუხედავად, “ბარსელონამ” “სევილიადან” ევროპა ლიგის გამარჯვებული ალეიქს ვიდალი დაიმატა. ფეხბურთელს ახალი გუნდის რიგებში ოფიციალური მატჩის ჩატარება მხოლოდ 2016 წლიდან შეეძლება.

0.245344