საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას თურქულ “დარუშაფაკაში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Eurobasket.com და Sportando.com ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი კალათბურთელი გასულ სეზონში მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა და ევროლიგაში საშუალოდ 3.6 ქულას და 1.2 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ვთბ-ლიგაში – 7.4 ქულას, 2.3 მოხსნას და 1.3 პასს.
2013-14 წლების სეზონში მანუ სტამბულის “გალათასარაის” ღირსებას იცავდა და მისი საშუალო მონაგარი 9.1 ქულა და 2.0 მოხსნა იყო, ახლა კი, ძალებს კიდევ ერთ თურქულ კლუბში სცდის.
მომავალ სეზონში “დარუშაფაკას” თურქეთის ლიგის გარდა, თამაში ევროლიგაშიც მოუწევს, ამდენად, მარკოიშვილი ისევ უმაღლეს დონეზე გაირჯება. საინტერესოა, რომ ევროლიგის D ჯგუფში სტამბოლელებთან ერთად, ცსკა-ც მოხვდა, სხვა მეტოქეები კი “ბანკო დი სარდინია” (იტალია), “ბროზე ბასკეტი” (თურქეთი), “მაკაბი თელ-ავივი” (ისრაელი) და “უნიკახა” (ესპანეთი) იქნებიან.
ისიც ვთქვათ, რომ “დარუშაფაკა” მომავალი ბატალიებისთვის საკმაოდ სერიოზულ შემადგენლობას აგროვებს. მანუჩარის გარდა, გუნდში უკვე ირიცხებიან ამერიკელები – რეჯი რედინგი, ლუკ ჰერენგოდი, ჯეიმონ გორდონი, ერსინ დალი, ტეილორ ბრაუნი და ლინ გრირი, ჩერნოგორიელი მილკო ბიელიცა, ლიტველი რენალდას სეიბუტისი და თურქეთის ნაკრების წევრები – ოგუზ სავაში და ენდერ არსლანი.