კალათბურთი

0:41 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონია თურქეთთან 17 ქულით დამარცხდა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე მაკედონიამ კაუნასის ტურნირზე მასპინძელ ლიტვას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 62:68 დამარცხდა, დღეს კი, თურქეთს სათანადოდ ვერ დაუდგა და 68:85 (20:22, 20:29, 14:19, 14:15) წააგო.

საინტერესოა, რომ თურქებმა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ბობი დიქსონი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატვირთეს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი – ერსან ილიასოვა კი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.

მიუხედავად ამისა, თურქებმა მაკედონიას, რომელიც აქცენტს კვლავაც შორეულ ტყორცნებზე აკეთებდა, დამაჯერებლად აჯობეს. გამარჯვებულებს 24 ქულით ჯედი ოსმანმა ულიდერა, მაკედონიელთაგან კი ნატურალიზებული ამერიკელი ფორვარდი რიჩარდ დიქსონი გამოირჩა, რომელიც ლიტვასთან უქულოდ დარჩა, ამჯერად კი, 18 ქულა ჩააგდო.

მარიან სრბინოვსკის მიერ დარიგებულ ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს ვოიდან სტოიანოვსკი (15), ვეტერანი ვლადო ილიევსკი (12) და მარკო სიმონოვსკიც (11) ასცდნენ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ მაკედონიელთა 68 ქულიდან 56 ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო.

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებს მომდევნო საკონტროლო მატჩები, 22 და 25 აგვისტოს ესპანეთთან ელის, 28-29 აგვისტოს კი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ლატვიას დაუპირისპირდება.

0.116275