კალათბურთი

23:27 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ კაუნასში ლიტვა დაჩაგრა

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოსამზადებელ ციკლში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ველიმირ პერასოვიჩის შეგირდებმა კაუნასში ლიტვის ნაკრები არ დაინდო და 72:59 მოიგო.

მოლოდინის მიუხედავად, მატჩში ბრძოლა არ ყოფილა. ხორვატები თავიდანვე სოლიდურად დაწინაურდნენ და თამაშისას მათმა უპირატესობამ ლამის 30 ქულას (!) უწია. ბალტიისპირელები მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გამოფხიზლდნენ, რომელშიც 26:13 იმარჯვეს და ანგარიში მცირედით შეალამაზეს.

ხორვატებმა ორქულიანები საოცარი სიზუსტით ესროლეს (26-დან 19, 73%) და 25-დან 7 სამქულიანი და 19-დან 13 საჯარიმო ჩააგდეს. მათ მასპინძლებს მოხსნებში 30:24 აჯობეს, ამასთან, ლიტველებმა მათთვის უჩვეულოდ ცოტა – 3 სამქულიანი მიითვალეს და ერთბაშად 19 დაკარგვა ჰქონდათ, რის ფონზეც მათი მარცხი სრულიად ლოგიკური იყო.

ხორვატებმა გუნდურად ითამაშეს და მათ რიგებში 5 და მეტი ქულა ერთბაშად ათმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანები კი ბოიან ბოგდანოვიჩი (12) და ლუკა ზორიჩი (11) იყვნენ. ბალტიისპირელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ რენალდას სეიბუტისი (16) ასცდა.

ახლა, ხორვატი კალათბურთელები მცირე პაუზას აიღებენ და მორიგ ტურნირს უკვე იმ “არენა ზაგრებში” უმასპინძლებენ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩებს მიიღებს. 26-28 აგვისტოს ხორვატთა მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი და ისრაელი იქნებიან.

ლიტვა – ხორვატია 59:72 (9:19, 9:20, 15:20, 26:13)

ხორვატია: ტომიჩი (16 წ. 6 ქ. 4 მ.), რუდეზი (18 წ. 5 ქ.), სტიპჩევიჩი (20 წ. 2 ქ.), ბოგდანოვიჩი (23 წ. 12 ქ. 5 მ.), სარიჩი (16 წ. 5 ქ.), ტომასი (13 წ. 9 ქ.), უკიჩი (20 წ. 6 ქ.), სიმონი (23 წ. 9 ქ. 5 მ. 4 პ.), ზუბჩიჩი (6 წ. 2 ქ. 3 მ.), ბილანი (8 წ. 3 მ.), ზორიჩი (16 წ. 11 ქ.), ჰეზონია (21 წ. 5 ქ.).

მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.

0.105119