24-30 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით იასპარეზებს.
პირად პირველობაში მონაწილე არ გვეყოლება ორ წონაში - 66-სა და 100-ში, დანარჩენ წონებში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ორგზის ფინალისტი და ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გამოვლენ.
გუნდურ შეჯიბრში ამ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილი (66) დაემატებათ. ქალთა ტურნირში ერთი მონაწილე გვეყოლება - ნატურალიზირებული ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70).
მსოფლიოს ჩემპიონატზე 24-29 აგვისტოს მამაკაცთა და ქალთა შორის მედლები 7-7 წონით კატეგორიებში გათამაშდება, ჩემპიონატის დასკვნითი დღე - 30 აგვისტო კი გუნდურ პირველობას დაეთმობა, 23 აგვისტოს ჩატარდება ოფიციალური კენჭისყრა.
საქართველოს ნაკრების ერთი ნაწილი ასტანაში უკვე გაემგზავრა, დელეგაციის მეორე ნაწილი ყაზახეთის დედაქალაქში 22 აგვისტოს ჩაფრინდება.
2014 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც რუსეთის ქალაქმა ჩელიაბინსკმა უმასპინძლა, ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი აიღეს - 81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპიანაშვილი (60) და ვალერი ლიპარტელიანი (90) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, ნაკრებმა ასევე ბრინჯაოს მედალი მოიგო გუნდურ შეჯიბრში.
აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოდან მსოფლიოს ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით დილის 09:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 15:00 საათიდან,
ქართველ ძიუდოისტთა გამოსვლის განრიგი
24 აგვისტო - ამირან პაპინაშვილი (60)
25 აგვისტო - მონაწილე არ გვყავს
26 აგვისტო - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73)
27 აგვისტო - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 81)
28 აგვისტო - ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90) ესტერ სტამი (70)
29 აგვისტო - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100)
30 აგვისტო - გუნდური შეჯიბრება
სამინისტროს პრესსამსახური