კაუნასში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი ქომაგისთვის საინტერესო 2 ნაკრები თამაშობს. ხორვატია და მაკედონია 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ქართველ კალათბურთელთა მეტოქეები იქნებიან, ამდენად, მათი შედეგებისთვის თვალის მიდევნება ნამდვილად უპრიანია.
მაკედონიის ნაკრებმა, რომელიც მოსამზადებელ ციკლში ძალიან ყოჩაღად გამოიყურება, მასპინძელ ლიტვას დიდი ბრძოლა გაუმართა და კინაღამ სენსაციის ავტორი გახდა. მარიან სრბინოვსკის შეგირდები დასკვნითი მეოთხედის წინ 8 ქულით იგებდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში 12:26 განადგურდნენ და 62:68 წააგეს.
მიუხედავად ყველაფრისა, კაუნასური მატჩი მაკედონიელებს აქტივში უნდა შევუტანოთ. მათ სამქულიანებსა (24-დან 9) და საჯარიმოებში (10-დან 9) მასპინძლებზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ და რიგ ეპიზოდებში კომბინაციური თამაშიც კარგად გამოსდიოდათ.
სტუმართა რიგებში ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა სამარძისკიმ, გამორჩეულები იყვნენ ვოიდან სტოიანოვსკი (14), კოსტოსკი (11) და სიმონოვსკიც (10). სამაგიეროდ, ვერაფრით გამოირჩა მაკედონიელთა ნატურალიზებული ამერიკელი მძიმე ფორვარდი რიჩარდ ჰენდრიქსი, რომელმაც 15:51 წუთში თამაშიდან 4-ვე ტყორცნა ააცილა და უქულოდ დარჩა.
19 აგვისტოს მაკედონიელთა მეტოქე თურქეთი იქნება, რომელიც დღეს ქართველთა კიდევ ერთ მეტოქე ხორვატიას გაეჯიბრა და 66:74 წააგო. ველიმირ პერასოვიჩის გუნდი თამაშის სტარტზე უხეიროდ გამოიყურებოდა და პირველი მეოთხედი 13:17 დათმო, შემდეგ კი, ხორვატთა უპირატესობა გამოიკვეთა და მათ დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.
ხორვატიის ეროვნული გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი “ბრუკლინ ნეთსის” მცველმა ბოიან ბოგდანოვიჩმა შეიტანა, რომელმაც 25 ქულას 3 შედეგიანი პასი წაამატა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლა ანტე ტომიჩს (10 ქულა, 9 მოხსნა), ხოლო ლუკა ზორიჩმა, რომელიც საკონტროლო მატჩებს ძალიან სტაბილურად ატარებს, 11 ქულა მიითვალა.
ხვალ, ხორვატიის ნაკრების მეტოქე ლიტვა იქნება.
ლიტვა – მაკედონია 68:62 (11:17, 16:15, 15:18, 26:12)
მაკედონია: მაგდევსკი (5 წ. 2 ქ.), ილიევსკი (23 წ. 6 ქ. 4 მ. 3 პ.), სოკოლოვი (10 წ. 3 ქ.), კოსტოსკი (15 წ. 11 ქ.), ვ.სტოიანოვსკი (27 წ. 14 ქ. 3 პ.), დ.სტოიანოვსკი (18 წ.), სიმონოვსკი (22 წ. 10 ქ. 4 მ.), ტრაიკოვსკი (19 წ. 3 მ.), გუროსკი (19 წ. 3 ქ.), ჰენდრიქსი (16 წ. 3 მ.), სამარძისკი (27 წ. 13 ქ. 11 მ.).
მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი.
ხორვატია – თურქეთი 74:66 (13:17, 24:16, 18:12, 19:21)
ხორვატია: ტომიჩი (10 ქ. 9 მ.), რუდეზი, სტიპჩევიჩი, ბოგდანოვიჩი (25 ქ. 3 პ.), სარიჩი (7 ქ. 5 მ. 4 პ.), ტომასი (3 ქ.), უკიჩი (2 ქ.), სიმონი (5 ქ. 4 მ.), ბილანი (2 ქ.), ზორიჩი (11 ქ. 4 მ.), ჰეზონია (4 ქ.).
მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.