ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, ტურნირისთვის საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა შეარჩია. “ნარინჯისფერთა” მთავარმა მწვრთნელმა ტოონ ვან ჰელფტერენმა არჩევანი ლეიდენის ტურნირის შემდეგ გააკეთა, რომელზეც მისმა გუნდმა დიდ ბრიტანეთს და პორტუგალიას სძლია.
ჰოლანდიამ ბრიტანელებს 69:63 მოუგო და ამაზე ადრეც მოგახსენეთ, პორტუგალიასთან თამაში კი გაცილებით იოლი გამოდგა და მასპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვეს – 82:57. “ნარინჯისფერთა” რიგებში საუკეთესონი კეეს აკერბოომი (14 ქულა), ვორსი დე იონგი (13) და ჰენკ ნორელი იყვნენ.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ სამივე ეს კალათბურთელი საბოლოო განაცხადში მოხვდა, მათ გარდა კი, ევროპის ჩემპიონატზე ჩარლონ კლოოფი, ლეონ უილიამსი, იანიკ ფრანკე, არვინ სლაგტერი, რალფ დე პაგტერი, მოჰამედ ხერაზი, როლანდ შაფტენაარი, ნიკოლას დე იონგი და რობინ სმეულდერსი ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ზე C ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდება, ჰოლანდიას კი საქართველოს გარდა, ჭიდილი მასპინძლებთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან და მაკედონიასთან მოუწევს. ქართულ-ჰოლანდიური დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის სასტარტი დღესვე, 5 სექტემბერს შედგება.
ჰოლანდია – პორტუგალია 82:57 (21:19, 12:8, 25:18, 24:12)
ჰოლანდია: ფრანკე (5 წ.), უილიამსი (22 წ. 2 ქ. 6 პ.), ვ.დე იონგი (20 წ. 13 ქ. 3 მ. 3 პ.), კლოოფი (18 წ. 5 ქ. 5 მ.), ხერაზი (18 წ. 3 ქ. 5 მ.), პაგტერი (6 წ. 2 ქ.), აკერბოომი (16 წ. 14 ქ.), შაფტენაარი (24 წ. 9 ქ. 4 მ. 4 პ.), ნ.დე იონგი (19 წ. 8 ქ. 6 მ.), სმეულდერსი (15 წ. 8 ქ. 4 მ.), ნორელი (16 წ. 11 ქ. 6 მ.), სლაგტერი (21 წ. 7 ქ. 3 პ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.