კალათბურთი

20:29 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიას ლაფაიეტი გამოაკლდა
პერასოვიჩის გუნდმა გერმანიას სძლია, წინ თურქეთთან და ლიტვასთან მატჩებია

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია მოახლოებული ტურნირის წინ ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე დარჩა. ოსკარ ლაფაიეტი, რომელიც გერმანიასთან საკონტროლო მატჩის სასტარტო ხუთეულში იყო, სტარტიდან 04:51 წუთში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც მატჩის შემდეგ აღმოჩნდა, ლაფაიეტის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. “ოსკარმა მუხლის არეში მძიმე დარტყმა მიიღო. მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ მას მენისკი აქვს გაწყვეტილი და მკურნალობისთვის მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. სამწუხაროდ, ის ევრობასკეტზე თამაშს ვერ მოახერხებს”, - განაცხადა ხორვატიის ნაკრების ექიმმა იოსიპ სამარჯიჩმა.

ცნობისთვის, 31 წლის ლაფაიეტს თავის დროზე 1 მატჩი “ბოსტონ სელტიქსშიც” აქვს ჩატარებული, სახელი კი ევროპულ კლუბებში წარმატებული გარჯით დაიგდო. ამერიკელ მცველს სერბულ “პარტიზანში”, ებრაულ “მაკაბი აშდოდში”, პოლონურ “პროკომში”, თურქულ “ეფესში”, ლიტვურ “ჟალგირისში” და ესპანურ “ვალენსიაში” უთამაშია.

ოსკარმა გასული სეზონი პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გაატარა და ბერძნული გრანდის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში საშუალოდ 6.8 ქულას, 2.1 მოხსნას და 2.6 პასს აგროვებდა. ივლისში მან კონტრაქტი იტალიურ “ემპორიო არმანი მილანთან” გააფორმა და სანაკრებო ბატალიების შემდეგ, სერია ა-ში უნდა ეთამაშა, თუმცა, როგორც სჩანს, მისი აპენინური დებიუტი გადაიდება. ისიც ვთქვათ, რომ ლაფაიეტმა ხორვატიის მოქალაქეობა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მიიღო და მუნდიალზე იასპარეზა კიდეც, ევროპის პირველობა კი ხელიდან ბოლო წამს გამოეცალა.

როგორც აღვნიშნეთ, ამერიკელმა უკანახაზელმა ტრავმა გერმანიასთან მატჩში მიიღო, რომელიც ბრემენის OVB-Arena-ზე 9 375 მაყურებლის თვალწინ შედგა და მასპინძელთა სამწუხაროდ, ხორვატების გამარჯვებით დასრულდა – 63:80. ველიმირ პერასოვიჩის შეგირდები ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ყველა წამყვანი კალათბურთელი ჰყავდა, უშანსოდ მოუგეს.

სტუმრებმა მოხსნებში 36:27 იმარჯვეს, პასებში – 22:15, მთავარი უპირატესობა კი პერიმეტრზე ჰქონდათ. ხორვატიის ნაკრებმა ერთბაშად 35 სამქულიანი ესროლა, საიდანაც 13 ჩააგდო და გერმანიას სხვაობის შემცირების იმედი გადაუწურა. შორეულ ტყორცნებში განსაკუთრებით თავი დამიან რუდეზმა და კრუნოსლავ სიმონმა გამოიჩინეს, რომელთაც სამ-სამი სამქულიანი გამოიყენეს.

საერთო ჯამში, მოედანზე საუკეთესო ლუკა ზორიჩი გახლდათ. ხორვატთა 30 წლის ცენტრმა, რომელიც მომავალ სეზონში ზაგრების “ცედევიტაში” ჯეიკობ პულენის თანაგუნდელი იქნება, მხოლოდ 12:19 წუთს ითამაშა და 16 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გერმანიის ნაკრებში “ატლანტა ჰოუქსის” გამთამაშებელი დენის შერიოდერი გამოირჩა 19 ქულით და 7 პასით, ნბა-ში გამობრძმედილმა კიდევ ერთმა ვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ კი ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა და 25:02 წუთში 7 ქულას დასჯერდა.

“მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა, ეიფორიის დრო ნამდვილად არაა. მე-2 მეოთხედში ზონურ დაცვას მივმართეთ და ამან კარგი შედეგი მოგვიტანა, თუმცა, ეს ხერხი მშველელად ყოველთვის ვერ მოგვევლინება. ერთი-ერთზე თამაშისას პრობლემები გვაქვს და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება ლაფაიეტის ტრავმას, ეს ნამდვილი შოკია, რამაც საფიქრალი დაგვიმატა”, - განაცხადა მატჩის შემდეგ პერასოვიჩმა.

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა ბრემენიდან გეზი კაუნასისკენ აიღო, სადაც ხვალიდან “ჰუავეის თასის” გათამაშებაში ჩაერთვება. 18 აგვისტოს ხორვატთა მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება, 19-ში კი – მასპინძელი ლიტვა. საინტერესოა, რომ ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე ჩვენთვის ასევე საინტერესო გუნდი მაკედონიაა, რომელსაც თამაში აგრეთვე თურქეთთან და ლიტვასთან მოუწევს. ვინაიდან, საქართველოს დარად, ხორვატია და მაკედონია ევრობასკეტის C ჯგუფში მოხვდნენ, მათ ლიტვურ შეჯიბრზე ერთმანეთთან თამაშზე უარი თქვეს.

გერმანია – ხორვატია 63:80 (16:15, 11:24, 14:19, 22:22)

ხორვატია: ტომიჩი (14 წ. 4 ქ. 7 მ.), ბოგდანოვიჩი (19 წ. 3 ქ.), სარიჩი (20 წ. 2 ქ. 3 მ.), ლაფაიეტი (5 წ.), ჰეზონია (18 წ. 4 ქ.); რუდეზი (17 წ. 11 ქ. 3 პ.), სტიპჩევიჩი (23 წ. 8 ქ. 5 მ.), ბაბიჩი (20 წ. 10 ქ. 3 მ. 3 პ.), უკიჩი (12 წ. 3 ქ.), სიმონი (23 წ. 11 ქ. 5 პ.), ზუბჩიჩი (3 წ. 3 ქ.), ბილანი (14 წ. 5 ქ.), ზორიჩი (12 წ. 16 ქ. 5 მ. 3 პ.).

მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.

0.127312