“ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თბილისის ზღვის მახლობლად კლუბის ბაზაზე ამოქმედდა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი.
აღნიშნული მოედნებზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ ამერიკული კომპანია Hunter-ის წარმომადგენლობამ საქართველოში Hi Tech Irrigation Georgia-მ და ქართულ-უკრაინულ კომპანია Lawns of Georgia-მ, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და უეფას სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს ამზადებს.
ზესტაფონელთა თბილისურ ბაზაზე მცირე ზომის ტრიბუნები და ადმინისტრაციული შენობა შენდება. სამუშაოები დაწყებულია და საბოლოოდ, გუნდების და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა ოთახებიც განთავსდება. ბაზაზე აგრეთვე იფუნქციონირებს კაფე.
მშენებლობის პირველი ეტაპი (ე.წ. შავი კარკასი) სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ამის შემდეგ მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყება.