პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის პირველი დიდი ჯახი “ეტიჰად სთედიუმზე” შედგა, სადაც ერთმანეთს გასული გათამაშების ვიცე-ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” და ჩემპიონი ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
“სიტი” თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდა და საწყის ნახევარ საათში სერხიო აგუეროს სამჯერ შეეძლო გატანა, თუმცა ასმირ ბეგოვიჩმა ყველა მომენტში შესანიშნავად ითამაშა. 31-ე წუთზე “ჩელსის” ვეღარ ბეგოვიჩმა უშველა და არგენტინელმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. ტაიმის ბოლოს მანგალას მეორეს გატანაც შეეძლო, თუმცა სტუმრები გადარჩნენ.
მეორე ტაიმში პირველი გააზრებული ეპიზოდი სტუმრებმა შექმნეს და გოლიც გაიტანეს, თუმცა გვერდითმა მსაჯმა რამირესზე საკამათო თამაშგარე დააფიქსირა და გოლიც გაუქმდა. “არისტოკრატებს” გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი 69-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ედენ აზარს ახლო მანძილიდან ჰარტმა აუღო. შეხვედრის ბედი 79-ე წუთზე გადაწყდა, დავიდ სილვას მოწოდებულ კუთხურს ვინსენტ კომპანის ზუსტი თავური მოჰყვა. ექვს წუთში საჯარიმოს ხაზიდან ფერნანდინიომ ძლიერად დაარტყა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. 92-ე წუთზე ლონდონელებს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, დიეგო კოშტამ ძელს გაარტყა, ხოლო რადამელ ფალკაოს დამატებაზე ჰარტმა აჯობა – 3:0.
დღის მეორე მატჩი “შელჰარსტ პარკზე” გაიმართა, სადაც “კრისტალ პალასმა” ლონდონურ დერბიში “არსენალი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ანგარიში მე-16 წუთზე ოლივიე ჟირუმ მაკრატელა დარტყმით გახსნა, რასაც 28-ე წუთზე იარდის ზუსტი შორეული გასროლა მოჰყვა. მატჩის საბოლოო შედეგი 55-ე წუთზე დაფიქსირდა, ალექსის სანჩესის დარტყმული საკუთარ კარში დელანიმ ჩაჭრა და “არსენალს” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება გაუფორმა – 1:2.
კრისტალ პალასი – არსენალი 1:2 (0:1)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-5-1): მაკკარტი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, მაკარტური (ბემფორდი 80), კაბაიე, პანჩონი, ბოლასი (მუტჩი 46), ზაჰა (ლი 46), ვიკჰემი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი (ჩემბერლენი 64), კასორლა, ოზილი (გიბსი 83), რემსი, სანჩესი (არტეტა 75), ჟირუ.
მწვრთელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 ჟირუ (16), 1:1 იარდი (28), 1:2 დელანი (55 ს.კ.).
გაფრთხილებები: მაკარტური – კოკლენი
მსაჯი: ლი მეისონი
მანჩესტერ სიტი – ჩელსი 3:0 (1:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, კომპანი, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე, სილვა, ნავასი (ნასრი 65), სტერლინგი (დემიჩელისი 79), აგუერო (ბონი 84).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი (ზუმა 46), კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, რამირესი (კუადრადო 64), აზარი, ვილიანი (ფალკაო 79), კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 აგუერო (31), 2:0 კომპანი (79), 3:0 ფერნანდინიო (85).
გაფრთხილებები: კომპანიო, ფერნანდინიო, ტურე, მანგალა – ივანოვიჩი, აზარი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი