ფეხბურთი

15:28 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის პირველი დიდი ჯახი

ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ტური დღეს გასამართი ორი შეხვედრით განახლდება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ერთი იწვევს, გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონების დაპირისპირება: “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსის” მიიღებს.

“მანჩესტერ სიტიმ” სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. “ქალაქელებმა” გასვლით მატჩში “ვესტ ბრომვიჩი” უშანსოდ დაამარცხეს და რაც მთავარია, კვლავ შესანიშნავად ითამაშა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა იაია ტურემ, რომლის შესაძლო წასვლაზე ზაფხულში ბევრი იწერებოდა.

მანუელ პელეგრინიმ აღნიშნულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ მატჩში გახსნილ თამაშსა და ბევრს გოლს არ ელოდება, ხოლო მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ჩილელმა სპეციალისტმა სერხიო აგუეროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სათამაშოდ მზადაა.

“ქალაქელები” ტრავმების გამო ფაბიან დელფსა და ფერნანდოს მოისაკლისებენ, ხოლო გაელ კლიშის თამაში საეჭვოა.

მეტოქისგან განსხვავებით, პირველივე ტურში გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც შინ “სუონსის” ვერ აჯობა და მხოლოდ ქულას დაჯერდა.

მატჩის წინ სკანდალური განცხადებით გამოირჩა პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გაუკვირდა თუ არა, რომ პელეგრინიმ სამუშაო ადგილი შეინარჩუნა? რაზეც ჟოზემ უპასუხა: “რატომ უნდა გამკვირვებოდა პელეგრინის დარჩენა? ზოგიერთები 15 წელია ვერ იგებენ ტიტულებს, თუმცა პოსტს ინარჩუნებენ”.

ადვილი მისახვედრია, რომ მოურინიოს განცხადება არსენ ვენგერის წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ და ერთმანეთის ლანძღვის შანსს არასდროს უშვებენ.

აღნიშნული განცხადების გარდა, გასულ კვირაში მოურინიო სხვა რამითაც მოექცა ყურადღების ცენტრში. პორტუგალიელმა მწვრთნელმა “სუონსისთან” მატჩში კლუბის ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა. ლონდონელთა მთავარი ექიმი ევა კარნეირო საჯაროდ ითხოვს ბოდიშის მოხდას და სამსახურიდან წასვლასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ნახსენებ დაპირისპირებაში ფიფა მხარს კარნეიროს უჭერს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო ტიბო კურტუა დააკლდებათ, რომელმაც გასულ ტურში წითელი ბარათი მიიღო. მას ასმირ ბეგოვიჩი შეცვლის. ასევე საეჭვოა ოსკარის თამაში, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.

აქამდე კლუბები 140-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, რომელთაგან 57-ჯერ “ჩელსიმ” იმარჯვა, 44-ჯერ “სიტიმ”, ხოლო 39 მატჩი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები:

31.01.15 ჩელსი – მანჩესტერ სიტი 1:1
21.09.14 მანჩესტერ სიტი – ჩელსი 1:1
15.02.14 მანჩესტერ სიტი – ჩელსი 2:0 (ასოციაციის თასი)
04.02.14 მანჩესტერ სიტი – ჩელსი 0:1
27.10.13 ჩელსი – მანჩესტერ სიტი 2:1

19:30 მანჩესტერ სიტი – ჩელსი


მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
ჰარტი, მანგალა, კომპანი, სანია, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, სილვა, ნავასი, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, რამირესი, ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

დღის მეორე შეხვედრა “შელჰარსტ პარკზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “კრისტალ პალასი” ლონდონურ დერბიში “არსენალს” უმასპინძლებს.

მასპინძლებმა პირველ ტურში გასვლაზე “ნორვიჩს” სძლიეს, ხოლო მათი დღევანდელი მეტოქე შინ “ვესტ ჰემთან” დამარცხდა.

“არწივებს” სპერონი, სახო, შამახი და კემპბელი ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო “მეთოფეები” როსიცკის, უელბეკსა და უილშირს.

კლუბების ბოლო 5 დაპირისპირება “არსენალის” გამარჯვებით დასრულდა.

16:30 კრისტალ პალასი – არსენალი

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

სავარაუდო შემადგენლობები

კრისტალ პალასი (4-5-1):
მაკკარტი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, კაბაიე, მაკარტური, ზაჰა, პანჩონი, ბოლასი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი, კასორლა, ოზილი, რემსი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: ლი მეისონი

0.11529