ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, გერმანიასთან საკონტროლო მატჩში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 74:72 იმარჯვა.
არენა ზაგრებში (ევრობასკეტის თამაშები სწორედ იქ ჩატარდება) გამართული თამაში დიდებული სანახავი გამოდგა. ორივე მხარეს აღიარებული ვარსკვლავები თამაშობდნენ და მაყურებელიც ბოლომდე დაძაბული იყო.
გერმანელთა მხარეს მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველად ითამაშა დირკ ნოვიცკიმ, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო, ნბა-ს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დენის შრიოდერმა კი 13 ქულა მიითვალა.
საინტერესოა, რომ ბუნდეს-გუნდში პირველად იასპარეზა ანტონ გაველმა, რომელიც წლების განმავლობაში სლოვაკეთის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა, ახლა კი, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. მისი დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა: 0 ქულა 21:58 წუთში.
ხორვატთა რიგებში ყველაზე შედეგიანი თურქული “ანადოლუ ეფესის” მძიმე ფორვარდი დარიო სარიჩი იყო. მან 31:34 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა: 18 ქულა, 10 მოხსნა. 10-ქულიან ზღვარს ასცდნენ ბოიან ბოგდანოვიჩი (15) და ლუზა ზორიჩიც (13). ველიმირ პერასოვიჩს განაცხადში 14 კალათბურთელი კი ჰყავდა, თუმცა, ჟელკო საკიჩი, ტომისლავ ზუბჩიჩი და მირო ბილანი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარან.
ცნობისთვის, ხორვატებმა 30-დან მხოლოდ 8 სამქულიანი ჩააგდეს, ფარქვეშ კი მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და სამწამიანი ზონიდან აღებულ ქულებში გერმანიას 8:32 ჩამორჩნენ.
დღეს, გერმანია და ხორვატია ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან, ოღონდაც თამაშს ბრემენის OVB-Arena უმასპინძლებს.
ხორვატია – გერმანია 74:72 (15:15, 21:13, 19:25, 9:11, 10:8)
ხორვატია: ტომიჩი (21 წ. 2 ქ. 3 მ.), ბოგდანოვიჩი (34 წ. 15 ქ. 4 მ. 3 პ.), სარიჩი (32 წ. 18 ქ. 10 მ.), უკიჩი (21 წ. 5 ქ. 6 მ.), ჰეზონია (15 წ. 5 ქ. 3 ჩ.); რუდეზი (11 წ.), სტიპჩევიჩი (14 წ. 3 პ.), ტომასი (28 წ. 9 ქ. 5 მ. 4 პ.), სიმონი (16 წ. 2 ქ. 3 მ.), ლაფაიეტი (11 წ. 5 ქ.), ზორიჩი (24 წ. 13 ქ. 3 მ.).
მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.