კალათბურთი

21:38 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ოთხთა ტურნირის მეორე დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა. მასპინძლებმა, წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, სადაც ესტონეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს, ლატვიელებს 78:76 აჯობეს, ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

ისევე როგორც ესტონეთთან შეხვედრაში, ამჯერადაც სტუმრები დაწინაურდნენ მეიესის ზუსტი სროლის შემდეგ – 2:0. მალე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინ გასვლაც მოახერხეს. იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრების უპირატესობა 16 ქულასაც კი აღწევდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ჯვაროსნების” ახალგაზრდა კალათბურთელების დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის კარგი თამაში. ამ კალათბურთელებმა ლომის წილი შეიტანეს მასპინძელთა დიდი ანგარიშით დაწინაურებაში. საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ ეს კალათბურთელები სკამზე დასვა და ამის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მატჩის მიწურულს ლატვიელებმა სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს და მატჩის გადასარჩენად სულ ცოტა დააკლდათ.

ამ შეხვედრაში ძალიან ცუდი იყო საქართველოს ნაკრების თამაში დაცვაში და ასევე ცუდად ისროლეს საჯარიმოები. სამწუხაროდ, ამ მხრივ ყველაზე დიდი შეცდომა ფაჩულიას მოსდიოდა, რომელმაც 18 მცდელობიდან მხოლოდ 8 გამოიყენა. ასევე ჩამოვრჩით ზუსტად გამოყენებულ სამქულიანებში. ჩვენმა ნაკრებმა 26-დან 7, ხოლო მეტოქემ 33-დან 13 სამქულიანი გამოიყენა. სამაგიეროდ, დავჯაბნეთ მეტოქე ფარის ქვეშ. ჩვენმა ნაკრებმა 51, ხოლო მეტოქემ 33 მოხსნა განახორციელა.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ბიძაშვილ-მამიდაშვილი ზაზა ფაჩულია და ბექა ბურჯანაძე იყვნენ, რომლებმაც 16-16 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება სანიკიძეს, ამჯერად მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 9 მოხსნა და 12 ქულა მიითვალა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ასევე კარგი იყო სანაძეც, რომელმაც 13 წუთსა და 43 წამში 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიან კასპარ ბერზინსის ანგარიშზე 15 ქულაა.

როგორც გუშინ, ტაბლო დღესაც ძალიან ცუდად მუშაობდა, რომელზეც თამაშის ძირითადი ანგარიში ჩანდა, ხოლო თითოეული კალათბურთელის მონაგარი არც ამჯერად აისახებოდა.

ამ შეხვედრაში, ესტონეთთან მატჩისაგან განსხვავებით, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში გუნდის ხელმძღვანელობამ ორი ცვლილება შეიტანა, უკანახაზელების ბესიკ ლეჟავასა და ოთარ ფხაკაძის ნაცვლად შემადგენლობაში ბექა წივწივაძე და გიორგი შარაბიძე დააყენა. მართალია წივწივაძე და შარაბიძე შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია

საქართელოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მოგებულ შეხვედრაში პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, არადა მასთან ჟურნალისტებს უამრავი კითხვა ჰქონდათ. რატომ თამაშობს გუნდი დაცვაში სუსტად და რატომ არის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სამქულიანებისა და ჯარიმების სროლაში.

კოტე ტუღუში (იგორ კოკოშკოვის თანაშემწე): “კარგია, რომ ასეთ ძლიერ ნაკრებს შევხვდით, რომელმაც ჩვენი ნაკრების ბევრი ხარვეზი დაგვანახა. ასეთი ტურნირები და საკონტროლო შეხვედრებიც იმისთვისაა, რომ გუნდში არსებული ხარვეზები დავინახოთ და შემდეგ მათ აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ. სასიამოვნოა ბურჯანაძის და სანაძის კარგი თამაში. ეს კალათბურთელები მეორე ტაიმში იმიტომ დავასვენეთ, რომ ვეტერანები არ არიან ჩვენთვის სასურველ ფორმაში და ამაზე ვმუშაობთ. ვცდილობთ ძირითადად გუნდური თამაში ვაჩვენოთ, როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში. კარგია რომ მოვიგეთ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მთავარი მიზანი საკონტროლო შეხვედრებში იმ ხარვეზების ნახვაა, რომელიც გუნდს აქვს და რომლის აღმოფხვრაზეც უნდა ვიმუშაოთ”.

ბექა ბურჯანაძე: “მე ნაკრებში თორნიკე შენგელიას შემცვლელად მოვიაზრები. მადლობა მთავარ მწვრთნელს, რომელიც შენგელიას ტრავმის შემდეგ მე მენდო და მომცა თამაშის უფლება. მართალია მოვიგეთ, მაგრამ გვქონდა შეცდომები განსაკუთრებით დაცვაში, რომლის აღმოფხვრაზეც რა თქმა უნდა ვიმუშავებთ”.

აინარს ბაგატსკისი ( ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ ტურნირზე საქართველოს და იტალიის ნაკრებისთვის მთავარი მიზანი მოგებაა. ჩვენი მიზანი კი იმ ხარვეზების ნახვაა, რომელიც გუნდს აქვს. ვთვლი, რომ როგორც საქართველოს ისე იტალიას ძლიერი გუნდები ჰყავთ, სწორედ ასეთ ტურნირებში და ისეთ ძლიერ გუნდებთან, როგორიც საქართველო და იტალიაა, შეიძლება იმ ხარვეზების ნახვა, რომელიც გუნდს აქვს. ჩვენ შევამჩნიეთ ეს ხარვეზები და ვეცდებით ევრო-2015-ის ფინალამდე აღმოვფხვრათ. კარგად ვიცნობ საქართველოს ნაკრებს და მათ ლიდერებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შევძელით გუნდის ლიდერების ნეიტრალიზება. ეს კი მოვახერხეთ, მაგრამ ჩემთვის სიურპრიზი იყო ახალგაზრდა კალათბურთელების სანაძისა და ბურჯანაძის კარგი თამაში, რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. მათი მოედნიდან გასვლის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა კი შევამცირეთ, მოგებაც შეგვეძლო მაგრამ ამ დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო და გამარჯვება საქართველოს დარჩა”.

საქართველო – ლატვია 78:76

(20:16, 28:22, 22:23, 8:15)

სტატისტიკა

საქართველო: ცინცაძე(4), მარკოიშვილი (9), სანიკიძე (12ქ, 9მ), ბურჯანაძე (16), ფაჩულია (16); პულენი (9), მეტრეველი, შერმადინი (3), სანაძე (9), ფაცაცია.

ამჟამად მიმდინარეობს იტალია-ესტონეთის შეხვედრა.

0.433296