საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ ახლო წარსულში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. 38 წლის კობიაშვილის თქმით, იგი უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს თავის კანდიდატურას და არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას. ამასთან, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც”, - წერს კობიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ლევან კობიაშვილის გარდა, ამ დროისთვის პრეზიდენტობის მსურველი ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი რევაზ არველაძეა.