ფეხბურთი

19:30 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა იწყება: "ბაიერნი" ტკბილ ლუკმას გასინჯავს

დღეს საღამოს მიუნხენში გერმანიის ჩემპიონატი დაიწყება. ბუნდესლიგა დასწრების მხრივ ევროპაში ყველაზე გამორჩეულია და არც უხვგოლიან და საინტერესო მატჩების ნაკლებობას უჩივის. ახალი სეზონის წინ გერმანული და არამარტო გერმანული ფეხბურთის მოყვარულებს იგივე მოლოდინი აქვთ.

2015-2016 წლების სეზონს კი ტრადიციულად მოქმედი ჩემპიონი გახსნის. "ბაიერნი" ახალ სეზონს "ალიანს არენაზე" "ჰამბურგთან" მატჩით დაიწყებს. სტუმრები გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩნენ და დიდი ტრადიციების მიუხედავად, დიდი მიზნები არც წელს უნდა ამოძრავებდეს. "ბაიერნი" კი პირიქით - პეპ გვარდიოლას გუნდი "ვერცხლის სინის" მოგების მთავარი ფავორიტია, რაც რაღა თქმა უნდა, გასაკვირი და მოულოდნელი არ გახლავთ.

"ბაიერნმა" ორი ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრო - ჯერ გერმანიის სუპერთასზე "ვოლფსბურგთან" პენალტების სერიაში წააგო და სეზონის ტიტულით დაწყების შესაძლებლობა დაკარგა, ხოლო შემდეგ თასზე "ნოტინგენს" მისსავე მოედანზე აჯობა (3:1). "ჰამბურგმა კი თასის გათამაშების იმავე ეტაპზე იენას "კარლ ცეისთან" წააგო და სეზონი უნიათოდ დაიწყო. ახლა გარკვეულწილად საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირება სურთ.

"რეკორდმაისტერისთვის" "შპორტვერაინი" ერთობ ტკბილი ლუკმა გახლავთ - თავად განსაჯეთ, მიუნხენში გამართული ბოლო ხუთი მატჩიდან მასპინძლება ხუთივე მოიგეს, მათ შორის 8:0, 9:2 და 6:0... ბურთების ბალანსი კი გასაოცარია - 31:3 (!)

პეპ გვარდიოლას გუნდი წლეულს ოდნავ სახეშეცვლილი იქნება. დღევანდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ელიან "იუვენტუსიდან" 37 მილიონად ნაყიდ არტურო ვიდალს, ვინაც სადებიუტო გოლის გატანა გერმანიის თასზე უკვე მოასწრო. მის გარდა, სასტარტოში იქნება კიდევ ერთი ხმაურიანი შენაძენი დუგლას კოშტა. სამაგიეროდ, გვარდიოლას ფრანკ რიბერის იმედი დღეს არ უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხებათ სტუმრებს, პირველივე წუთიდან იქნება მოედანზე შვედეთის ნაკრების შუახაზელი ალბინ ეკდალი, რომელიც "ჰამბრუგს" "კალიარიდან" შეუერთდა.

შეხვედრას ბასტიან დანკერტი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბაიერნი" (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბენატია, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო, ვიდალი, ალკანტარა; რობენი, ლევანდოვსკი, მიულერი

"ჰამბურგი" (4-3-3): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; ეკდალი, იუნგი, ჰოლტბი; ოლიჩი, ლასოგა, ილიჩევიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.121054