სპორტსმენთა ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად სათამაშო დონეც იკლებს. კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ცენტრალურ თავმამსხმელ ზაზა ფაჩულიას ცხოვრებაში კი ჯერჯერობით პირიქით ხდება. “მილუოკი ბაქსში” თამაშის დროს, 30 წელს გადაცილებული ფაჩულიასათვის 2014-15 წლების სეზონი საუკეთესო იყო მისი ნბა-ში თამაშის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
იგი გუნდის სასტარტო ხუთეულის ხშირი წევრი იყო. მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თითოეულ შეხვედრაში ორმაგი დუბლები და რამდენჯერმე სამმაგ დუბლამდეც სულ ცოტა დააკლდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი და მილუოკის გზები მაინც გაიყარა. ახალ, 2015-16 წლების სეზონს, ზაზა ტეხასურ კლუბ “დალას მავერიქსის” რიგებში დაიწყებს.
ზაზას თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევრო-2015-თვის მზადების მიზნით მასმედიისთვის დაგეგმილი ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ. ეჩქარებოდა, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა. საუბარი ევრო-2015-ის ფინალური ეტაპისათვის მზადებასთან დაკავშირებით დავიწყეთ, რომელიც კარს მოგვადგა. შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბრიდან ევრო-2015-ის ჩ ჯგუფის მატჩებს საქართველოს, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის, მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების მონაწილეობით ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმაპისნძლებს.
-ევრო-2015-ისთვის მზადების მიზნით საქართველოს ნაკრებმა 2 საკონტროლო შეხვედრა უკვე ჩაატარა, სადაც ბოსნიას დაუპირისპირდა. “ჯვაროსნებმა” 1 მოიგეს და ამდენივე წააგეს. თქვენი აზრით ამ შეხვედრებში ნაკრებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
-ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჯერჯერობით შორს ვართ სასურველი ფორმისაგან. დრო კიდევ არის და მჯერა, რომ 5 სექტემბრისთვის გუნდი მისთვის სასურველ ფორმაში იქნება.
-ბოსნიელთა ლიდერმა მირზა ტელეტოვიჩმა უარი თქვა ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშზე. როგორ გამოიყურებოდა მის გარეშე ბოსნიელთა ნაკრები?
-ტელეტოვიჩის გარდა, ბალკანელებს სხვა ლიდერებიც აკლდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ბოსნიელები სულ სხვა გუნდით თამაშობდნენ, მაგრამ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
-დავუბრუნდეთ ჩვენს ნაკრებს. რას გვეტყვით “ჯვაროსნების” ნატურალიზებულ სპორტსმენ ჯეიკობ პულენზე, რომელიც გუნდს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა?
-წინა წლებთან შედარებით მის თამაშში პროგრესი აშკარად შეინიშნება. პულენს თანაბარი ძალით შეუძლია როგორც პირველ, ასევე მეორე ნომერზე თამაში. იმედია, ჯეიკობი ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს.
-წინამორბედებისაგან განსხვავებით თბილისის მერიის თასზე, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე 14-16 აგვისტოს უმასპინძლებს, ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ვის თვლით ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ძირითად მეტოქედ?
-ჩვენი ნაკრების პროგრესის დამსახურებაა და შეიძლება კომპლიმენტადაც ჩაითვალოს, რომ მერიის თასის წლევანდელ გათამაშებაში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ადრეც გვიცდია მერიის თასზე გამოცდილი შემადგენლობის მოწვევა, მაგრამ თავს არიდებდნენ.
რაც შეეხება ჩვენს ძირითად მეტოქეს, ბალტიისპირელთა (ლატვია, ესტონეთი) დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების ძირითად მეტოქედ იტალიას ვთვლი, რომელიც თბილისში უძლიერესი შემადგენლობით არის ჩამოსული.
-ევრო-2015-ის c ჯგუფის შესახებ რას გვეტყვით, სადაც ჩვენი გუნდი თამაშობს? ვის თვლით ამ ჯგუფის ფავორიტებად?
-ამ ჯგუფიდან გასვლის ყველაზე მეტი შანსი ხორვატიას და საბერძნეთს აქვს.
-ეთანხმებით, რომ მაკედონია და ჰოლანდია ჯგუფის აუტსაიდერები არიან?
-ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს და თუ მის ნებისმიერ მონაწილეს მთელი სერიოზულობით არ მოეკიდე აუცილებლად დაისჯები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერ მეტოქეს, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენებ გუნდებსაც, მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.
-ახლა თქვენის ნაბართვით საკლუბო თემაზე გადავიდეთ. როგორ მოხდა, რომ შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ ახალ კლუბში აღმოჩნდით?
-ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. დიდი ნდობა მქონდა, როგორც “მილუოკი ბაქსის” მთავარი მწვრთნელის ისე მოთამაშეებისაგან. წინა წლებისაგან განსხვავებით, ბოლოს სეზონი კარგად ჩავატარეთ და გუნდმა პლეი ოფში ითამაშა. გუნდის ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთ დღეს ჩემი აგენტი მეუბნება, შეაგროვე ნივთები და ტეხასში წასასვლელად მოემზადე, შენ უკვე “დალას მავერიქსის” წევრი ხარო. თუ გავითვალისწინებთ, რომ “დალასი” “მილუოკიზე” ბევრად უფრო მდიდარი ტრადიციების გუნდია, ეს ამბავი აღარ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა.
-საბოლოოდ რა მოხდა, “დალასში” გადასვლა გაგიხარდა თუ გეწყინათ?
-რა თქმა უნდა გამიხარდა, რადგან კარიერას ნბა-ს ისეთ ამბიციურ გუნდში გავაგრძელებ, როგორიც “დალას მავერიქსია”. ვეცდები “დალასისა” და ჩემს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო.
-და ბოლოს, ევრო-2015-ის შესახებ. რა მიზნებს ისახავს საქართველოს ნაკრები ევრო-2015-ის ფინალურ ეტაპზე?
-მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.