საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაია ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების გაძღოლა სურს და ამისთვის მზადაა.
-გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი ხართ...
-კანდიდატი წელიწადია ვარ. ეს თავისთავად არაფერზე მეტყველებს, რადგან მნიშვნელოვანი არა საუბარია, არამედ, ის ეროვნული ნაკრების სათადარიგოთა სკამზე ვინ დაჯდება.
-საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ვინმე დაგიკავშირდათ?
-არავისთან მისაუბრია. კვიპროსზე ვარ, ხოლო საქართველოში ევროპის სუპერთასზე მატჩზე დასასწრებად ვიყავი.
-საბერძნეთის ნაკრებისთვის ასეთ რთულ პერიოდში მისი გაწვრთნის სურვილი გაქვთ?
-რა თქმა უნდა. ადრეც მსურდა და ახლაც მაქვს. საბერძნეთის ნაკრებს პერსპექტივა აქვს. ბოლოს ჩემი სახელი მაშინ ახსენეს, ვიდრე სერხიო მარქარიანს დანიშნავდნენ. მიუხედავად სირთულისა, მჯეროდა, რომ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა შეეძლო, ხოლო ახლა მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, მაგრამ ნაკრები არასოდეს უნდა შეჩერდეს. არის თამაშები, რომლებიც უნდა მოიგო, რათა ფიფას რეიტინგში მაღალი ადგილი გქონდეს.
-ნაკრების სათამაშო სტილის შეცვლა რამდენად ადვილია?
-ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როდესაც ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიო. ჩემი აზრით, საბერძნეთს წარმატების მიღწევა კვლავ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის გაწვრთნის სურვილი რატომ მექნებოდა? ეროვნულ გუნდში გამოდიან ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ მაღალი დონის გუნდებში წამყვანი მოთამაშეები არიან. ასევე, საბერძნეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებსაც ნაკრებისთვის საკვალიფიკაციო ციკლში წარმატების მოტანა შეუძლიათ.
-მარქარიანის შემცვლელად თუ დაგნიშნავენ, დაუყონებლივ რას შეცვლით?
-პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმის ნახვა, როგორ თამაშობდა ნაკრები ჯერ რეჰაგელის, შემდეგ სანტუშის დროს. სულ სხვაა, როდესაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე 10-15 დღეში 5-6 თამაშს ატარებს და როდესაც მატჩიდან მატჩამდე თვეა დარჩენილი. ალბათ, რანიერიმ ეს ვერ გათვალა და იმ პერიოდში გუნდს კარგად არ იცნობდა. მან ჩათვალა, რომ ნაკრებს უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა. ამ გუნდის პლუსები კი, თამაშის ორგანიზაცია, დისციპლინა და მოთმინებაა. ჩემი აზრით, ნაკრებმა ამ სტილში უნდა ითამაშოს. ამჟამად, ფანტასტიკური თამაში იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენად შედეგები. კარგ ფეხბურთს სუპერმარკეტში ვერ იყიდი. ნაკრების გამოცდილებიდან და კონკრეტული სათამაშო სტილიდან გამომდინარე, არცთუ შორეული წარსულის წარმატებების გამეორება შეიძლება.
-თქვენს ქვეყანაში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩზე რას იტყვით?
-წარმოუდგენელი სანახაობა იყო. ეს ფანტასტიკური მოვლენა გახლდათ და მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანაში მოხდა. ის ფაქტი, რომ სტადიონზე 52000 ადამიანი მივიდა, თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ბევრს მიიჩნია, რომ ეს საუკეთესო სუპერთასის მატჩი იყო, რომელიც ოდესმე ჩატარებულა.