როგორც "საუთჰემპტონის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რონალდ კუმანის გუნდი 23 წლის ესპანელი ფეხბურთელით ორიოლ რომეუთი გაძლიერდა. "ბარსელონას" აღზრდილმა ინგლისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მოხარული ვარ "საუთჰემპტონში" გადასვლით. მოუთმენლად ველი სავარჯიშო პროცესის დაწყებას. რონალდ კუმანის ხედვა ჩემს საფეხბურთო განათლებასთან ახლოსაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - აღნიშნა რომეუმ კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რომეუ 2010-11 წლებში "ბარსელონას" ძირითად გუნდში დააწინაურეს, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, რის გამოც სეზონის შემდეგ ლონდონის "ჩელსიში" განაგრძო კარიერა, თუმცა მისი კარიერის არც ეს ეტაპი გამოდგა წარმატებული. ორიოლმა განათხოვრების წესით "ვალენსიასა" და "შტუტგარტში" ითამაშა.