ჭიდაობა

10:40 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს ფინიში

ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბაიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისთვის განკუთვნილი მეორე დღე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის პირველის მსგავსად, ორი ოქროს მომტანი აღმოჩნდა.

პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რამაზ ზოიძე (66 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) ავიდნენ. ზოიძემ ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ფინელ მატიას ლიპასტის (8:4), თურქ არსლან ჩენგრიზს (11:2), უნგრელ ოტო ლოსონცსა (8:0) და აზერბაიჯანელ რაჰიმ მირაილოვს (3:2) მოუგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ კაიცუკოვს წარმატების მცირე შანსიც არ დაუტოვა – 11:2.

ზვიად პატარიძე (120 კგ) ბრაზილიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და სეზონის ოქროს დუბლიც შეასრულა. მსოფლიო პირველობა თურქი ილდირიმ ოსმანის ძლევით (12:4) გახსნა. ბელარუს პაველ რუდაკოუსაც რვაქულიანი უპირატესობით აჯობა (8:0). მეოთხედფინალში ყაზახი ტალგატ ჟიენტაიევი დაამარცხა სუფთად. ნახევარფინალში – ამერიკელი სემუელ სტოლი (8:0). ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში რუს სერგეი სემანოვს მხოლოდ 3:1 აკმარა.

გუშინვე, მსოფლიო კონკურენციაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ირაკლი შავაძე (55 კგ) და გიორგი მელიაც (84 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

შავაძემ ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა, უზბეკ ისლომჟონ ბახრამოვთან მარცხით (1:9). მელია ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან წაგებით (6:15), ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვედ ზაკარიას ბერგთან დამარცხდა (4:13) საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ამრიგად, ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის უმთავრესი ტურნირი შთამბეჭდავი შედეგით – 4 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ჩაამთავრა. შეჯიბრების პირველ დღეს გელა ბოლქვაძე (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ნუგზარ წურწუმია (50 კგ) ფინალში დამარცხდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 53 ქულით, მესამეზე რუსეთი 47.

დღეს და ხვალ მსოფლიო ხალიჩები გოგონებს დაეთმობათ. ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს – 15-16 აგვისტოს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

ჭიდაობა

ბერძნულ-რომაული

მსოფლიო ჩემპიონატი

ახალგაზრდები

სალვადორ დე ბაია. ბრაზილია

11-12 აგვისტო

50 კგ

1 რეზა ხედრი (ირანი)

2 ნუგზარ წურწუმია (საქართველო)

3 ჯავოხირ მირახმედოვი (უზბეკეთი)

3 ამანგალი ბეკბოლატოვი (ყაზახეთი)

55 კგ

1 მურად მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 იოტო ხრისტოვი (ბულგარეთი)

3 ისლომჟონ ბახრამოვი (უზბეკეთი)

3 ერიკ ტორბა (უნგრეთი)

60 კგ

1 სერგეი ემილინი (რუსეთი)

2 კარიმ ჯალაზოვი (აზერბაიჯანი)

3 მასუტო კავანა (იაპონია)

3 რადუ მიჰუ (რუმინეთი)

7 ლევან ქავჟარაძე (საქართველო)

66 კგ

1 რამაზ ზოიძე (საქართველო)

2 ახმედ კაიცუკოვი (რუსეთი)

3 რაჰიმ მირაილოვი (აზერბაიჯანი)

3 ალი არსლანი (ირანი)

74 კგ

1 გელა ბოლქვაძე (საქართველო)

2 აკბუბაკ ბურხანი (თურქეთი)

3 ზოლტან ლევაი (უნგრეთი)

3 ჰანს ვაგნერი (გერმანია)

84 კგ

1 ჩინგიზ ალი (თურქეთი)

2 ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი)

3 ზაკარიას ბერგი (შვედეთი)

3 ბერტლან პაპი (უნგრეთი)

5 გიორგი მელია (საქართველო)

96 კგ

1 ნიკოლოზ კახელაშვილი (საქართველო)

2 ჰოსეიმი ამირჰუსეინი (ირანი)

3 კევინ მეხია კასტილიო (ჰონდურასი)

3 მურატ ლოკიაევი (რუსეთი)

120 კგ

1 ზვიად პატარიძე (საქართველო)

2 სერგეი სემანოვი (რუსეთი)

3 ილდრიმ ოსმანი (თურქეთი)

3 ედგარ ხაჩორიანი (სომხეთი)

0.133713