ჭიდაობა

10:52 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღის მონაგარი - ორი ოქრო და ერთიც ვერცხლი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბაიაში გუშინ დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე სტარტი აიღო. სულ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და აქედან სამში, ფინალში ქართველმა იჭიდავა. პოდიუმის უმაღლესი საფეხური კი ორმა მათგანმა დაიპყრო: გელა ბოლქვაძემ (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილმა (96 კგ).

ბოლქვაძემ საჩემპიონო ბრძოლაში თურქი აკბუდაკ ბურჰანი 4:3 დაამარცხა. კახელაშვილმა კი ირანელ ჰოსეიმი ამირჰუსეინს აჯობა – 1:0.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესი წევრი ნუგზარ წურწუმია (50 კგ) ფინალამდე წაუგებლად მივიდა. იქ კი ირანელ რეზა ხედრისთან დამარცხდა (1:2) და ვერცხლს დასჯერდა.

ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა, სადაც კონკურენციაში ლევან ქავჟარაძე ჩაერთო. ეს უკანასკნელი ბრაზილიაში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩავიდა, ისევე, როგორც წურწუმია, ბოლქვაძე და კახელაშვილი, მაგრამ მათგან განსხვავებით, ამჯერად საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

დღეს ბერძენ-რომაელები მედლების ბოლო ოთხი კომპლექტის გათამაშებას დაიწყებენ. ფინიშზე კი თბილისის დროით ხვალ დილით გავლენ.

ზაზა სილაგაძის გუნდის წევრთაგან იჭიდავებენ: ევროპის მოქმედი ჩემპიონები ირაკლი შავაძე (55 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ). ასევე რამაზ ზოიძე (66 კგ) და გიორგი მელია (84 კგ).

0.134804