მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ივლისში გამართული ტურნირების შედეგების გათვალისწინებითაა შედგენილი.
რეიტინგში შესულია ტორონტოში გამართული პანამერიკული თამაშები, ალი ალიევის ტურნირი კასპიისკში, სტეპან სარკისიანის ტურნირი ერევანში და ვაცლავ ციალოვსკის ტურნირი ვარშავაში.
თითოეულ წონით კატეგორიაში წარმოდგენილია 20 საუკეთესო მოჭიდავე. რეიტინგში სულ 11 ქართველი მოხვდა. მათგან ყველაზე მაღალ პოზიციას ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი იკავებს, რომელიც მესამე ადგილზეა.
სტეპან სარგისიანის ტურნირის გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) რეიტინგში მერვეა. ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი ბექა ლომთაძე (61) მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. დავით ტლაშაძე (70) მე-14-ეა.
ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74) მე-10 ადგილზეა. ამავე წონაში ალი ალიევის ტურნირის მეორე პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი მე-15 პოზიციას იკავებს.
პირველად მოხვდა მსოფლიო რეიტინგში ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86). ის მე-11-ე ადგილზეა.
ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97) მეოთხეა. ამავე წონაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონი ომარ გუსოშვილი მე-14 ადგილს იკავებს.
მძიმე წონაში რეიტინგში სამი ქართველი შევიდა. პეტრიაშვილის გარდა, კლასიფიკაციაში დავით მოძმანაშვილი (მე-8) და გიორგი საკანდელიძეც (მე-20) მოხვდნენ.
შემდეგი მსოფლიო რეიტინგი სექტემბერში გამოქვეყნდება და მასში ლას-ვეგასში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები იქნება ასახული.