საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაიფორმა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის ჯგუფური ეტაპი ბოლო ტურში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბელარუსი გაანადგურა და დაუმარცხებელი ბელგიის უკან ჯგუფში მეორე, გამსვლელი ადგილი დაიკავა.
ქართველებმა მხოლოდ ხსენებულ ბელგიასთან, ტურნირის პირველი მატჩი წააგეს, რომლის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით სძლიეს შვეიცარიას, ლუქსემბურგს, უნგრეთსა და ბელარუსს. ამ უკანასკნელმა ქართველებთან მატჩამდე ოთხივე შეხვედრა წააგო და ქართველებისთვის რომც მოეგო, ჩერქეზიშვილის გუნდს ჯგუფში მაინც ვერ ტოვებდა. ეს არც მოხდებოდა, რადგან საქართველოსა და ბელარუსს შორის კლასში უდიდესი სხვაობაა და ეს მატჩის შედეგმაც დაადასტურა - 85:58.
საქართველოს ნაკრებმა, რომ იტყვიან, ვარჯიშ-ვარჯიშ გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც ბოლო ტურის პირველ მატჩში ბელგიამ ლუქსემბურგს სძლია, ქართველებმა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. ამიტომ, ბელარუსთან მატჩის შედეგს აზრი დაეკარგა და შეხვედრაც ქართველებმა მართლაც სავარჯიშოდ გამოიყენეს. მომავალი, უფრო პრინციპული მატჩებისთვის ჩერქეზიშვილმა მოთამაშეების ნაწილი დაასვენა და მოედანზე ხანგრძლივად არ გაუყვანია.
ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ბითაძემ მხოლოდ 18 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 17 ქულის მოგროვება მოასწრო. 16 წუთში 15 ქულა მიითვალა აკაკი ფიფიამ, ხოლო ყველაზე მეტ ხანს - 24 წუთი მოუწია თამაშმა ნიკა მეცხვარიშვილს, რომელმაც პირად ანგარიშზე 10 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მეორე ეტაპზე ესტონეთთან და შვედეთთან მოუწევს თამაში. ახალი ჯგუფის მეოთხე მონაწილე ბელგიაა, რომელთან პირველ ტურში წაგებაც ქართველებს მეორე ეტაპზე გადაჰყვათ. თუკი ქართველები საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვდებიან, ნახევარფინალში გავლენ, არადა, ტურნირს 5-8 ადგილებისთვის ბრძოლით დაასრულებენ.
საქართველოს ნაკრები 12 აგვისტოს ესტონეთს შეხვდება, ხოლო 13-ში კი შვედეთს.
ევროპის U16 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სოფია, ბულგარეთი. 10 აგვისტო
ბელარუსი 58:85 საქართველო (14:26, 5:18, 17:27, 22:14)
სრული სტატისტიკა: 58:85
www.gbf.ge