დღეს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სლოვენიიდან დაბრუნდა. იგორ კოკოშკოვის ხელმღვანელობით, ქართველებმა კურორტ პოდჩეტრტეკის სპორტკოპლექს ტერმე ოლიმიაში ორკვირიანი შეკრება გაიარეს და 2 სარინგ მატჩი გამართეს. ბოსნიასთან 5 და 6 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრებისა და სლოვენიური შეკრების შემდეგ, ნაკრების თავკაცი 3 კანდიდატს დაემშვიდობა.
ნაკრებში თავდაპირველად 18 კანდიდატი გამოიძახეს, რომლებმაც ჯერ თბილისური შეკრება გაიარეს (13-23 ივლისი), შემდეგ კი სლოვენიაში გაემგზავრნენ. სლოვენიიდან თბილისში გამომგზავრების წინ, იგორ კოკოშკოვმა ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც ნაკრებს დატოვებენ: ნოდარ გოგოძე, გიგა ჯანელიძე და მიხეილ ჭოჭუა.
გოგოძე და ჯანელიძე ნაკრების ახალწვეულები არიან. გოგოძემ გასული სეზონი საქართველოს ჩემპიონატში, კლუბ “ოლიმპში” გაატარა და ამ გუნდის რამდენიმე ხმაურიან გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო, გიგა ჯანელიძე კი იტალიაში, რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა და ნაკრების მწვრთნელებმა მისი გამოცდა განიზრახეს. მიხეილ ჭოჭუა სტაჟიანი რუსთაველი ფორვარდია, რომელიც ნაკრებში შარშან მოხვდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
ამგვარად, ეროვნულ ნაკრებში 15 კალათბურთელი დარჩა, რომელთაგან ევრობასკეტისთვის საუკეთესო 12 მოთამაშე შეირჩევა.
დღეს, ნაკრებმა დაისვენა და ხვალ, 11 აგვისტოს ორჯერ – დილას და საღამოს, სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. 14-16 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ესტონეთთან, იტალიასთან და ლატვიასთან ერთად თბილისის მერიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს.
www.gbf.ge