ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტური წამყვანი ლონდონური კლუბებისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. შაბათს “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე ”სუონსისთან” დაკარგა ქულები, ხოლო “ტოტენჰემი” გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა, რასაც გუშინდელ მატჩში “არსენალის” საშინაო მარცხი მოჰყვა “ვესტ ჰემთან”.
ლონდონურ დერბიში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა გააზრებული და დალაგებული შეტევების წარმოება უჭირდათ. “მეთოფეებს” პირველ ნახევარში ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ, სანტი კასორლამ ოდნავ ააცილა ადრიანის კარს, ხოლო მეორე შემთხვევაში “ვესტ ჰემი” გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა. სამაგიეროდ, გაუმართლათ სტუმრებს – 43-ე წუთზე დიმიტრი პაიემ სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა, კარიდან გამოსულ პიოტრ ჩეხს შეიხუ კუაიტემ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარიც იდეალურად დაიწყო სტუმართათვის და 57-ე წუთზე მაურო ზარატემ შორეული დარტყმით სხვაობა გაზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხი ამჯერადაც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. დარჩენილ დროში “მეთოფეები” გოლის გატანას ბევრს ეცადნენ, მაგრამ ან ადრიანი თამაშობდა კარგად, ანაც დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.
ამგვარად, “ვესტ ჰემმა”, რომელიც ევროპა ლიგაზე ჯერ “ბირკირკარასთან”, ხოლო შემდგომ “ასტრასთან” შერცხვა, პრემიერლიგა “ემირათს სთედიუმზე” გამარჯვებით დაიწყო.
სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრა შედგა “სენტ ჯეიმს პარკზე”, სადაც “ნიუკასლმა” “საუთჰემპტონი” მიიღო და ქულები გაიყო. ანგარიში 24-ე წუთზე გრაციანო პელემ თავური დარტყმით გახსნა, რასაც 42-ე წუთზე პაპის დემბა სისეს გოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარი სტუმართა იერიშით დაიწყო და ტიმ კრულმა საოცარი ბურთის მოგერიება მოახერხა. იმავე მომენტის შემდეგ, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რაც ვეინალდუმის გოლით დასრულდა. მატჩის საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა შეინ ლონგმა დააფიქსირა, რომელმაც თავური დარტყმით მოახერხა გატანა – 2:2.
დღის ბოლო შეხვედრა “ბრიტანია სთედიუმზე” შედგა, სადაც “ლივერპულმა” გასულ სეზონში განცდილი მარცხისთვის (1:6) “სტოკთან” არასრულფასოვანი რევანში აიღო. შეხვედრა თანაბარი გამოდგა და ისე ჩანდა, რომ ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფელიპე კოუტინიოს ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 0:1.
არსენალი – ვესტ ჰემი 0:2 (0:1)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, დებუში (სანჩესი 67), მონრეალი, კოკლენი (უოლკოტი 58), რემსი, კასორლა, ოზილი, ჩემბერლენი., ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, ოგბონა, რიდი, კრესველი, ტომკინსი, ოქსფორდი (ნოლანი 79), ნობლი, კუაიტე, პაიე, ზარატე (იარვისი 63), სახო (მაიგა 90).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გოლები: 0:1 კუაიტე (43), 0:2 ზარატე (57).
გაფრთხილებები: მონრეალი – ნობლი, ოგბონა, ტომკინსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ნიუკასლი – საუთჰემპტონი 2:2 (1:1)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლიჩინი, მბემბა, ჯანმაატი, ჰაიდარა, ანიტა (ტიოტე 68), კოლბეკი, ვეინალდუმი (ს.დე იონგი 81), სისოკო, ობერტანი, სისე (მიტროვიჩი 75).
მწვრთნელი: სტივ მაკლარენი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, იოშიდა, ფონტე, სოარეში (მარტინა 46), ტარგეტი, ვანიამა, დევისი, მანე, ჯ.როდრიგესი (ლონგი 66), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 0:1 პელე (24), 1:1 სისე (42), 2:1 ვეინალდუმი (48), 2:2 ლონგი (79).
გაფრთხილებები: კოლბეკი, მიტროვიჩი – სოარეში, ფონტე, დევისი, პელე
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
სტოკი – ლივერპული 0:1 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, კამერონი, მუნიესა, ჯონსონი, პიტერსი (ვოლშაიდი 46), ველანი, ვან გინკელი, ადამი (სიდუელი 78), აფელაი (ოდემვინგე 78), უოლტერსი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, კლაინი, გომესი, ჰენდერსონი, მილნერი, ლალანა (ჩანი 63), აიბი (ფირმინო 78), კოუტინიო, ბენტეკე.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლი: კოუტინიო 86.
გაფრთხილებები: აფელაი, ადამი – შკრტელი, მილნერი, ლოვრენი, გომესი
მსაჯი: ენტონი ტეილორი