კალათბურთი

15:16 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნარინჯისფრები” შავ დღეში არიან

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა ერთ-ერთე მეტოქე ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრები საშინელ ფორმაში იმყოფება. ტოონ ვან ჰელფტერენის შეგირდებმა ხუთივე გასული მატჩი წააგეს და იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჭიდილი ევროპულ გრანდებთან უწევდათ.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, იტალიასთან (52:64) და გერმანიასთან (55:59) წაგებები კიდევ მოსალოდნელი გახლდათ, აი, ავსტრიასთან (49:58), ბელგიასთან (49:65) და რაც მთავარია ისლანდიასთან (55:80) წარუმატებლობა კი ნამდვილად ძნელი ასახსნელია.

ეს ბოლო შეხვედრა რეიკიავიკში შედგა და თუკი აქამდე, მომავალ ევრობასკეტზე ყველაზე სუსტ გუნდად ისლანდია მოიაზრებოდა, ახლა, თამამად შეგვიძლია, ეს წოდება ჰოლანდიელებს მივაკუთვნოთ.

კუნძულელებმა მეტოქეს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აჯობეს და მე-3 წუთზე რომ დაწინაურდნენ, მას მერე უკან აღარც მოუხედავთ. ისლანდიის ნაკრებმა 20 შედეგიანი პასი მიითვალა და 11 სამქულიანი ჩააგდო, რასაც სტუმრებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

ჰოლანდიის ნაკრებში 10 ქულაზე მეტი მხოლოდ ცენტრმა ჰენკ ნორელმა ჩააგდო, ამ ფონზე კი, გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ნარინჯისფრები” 55-ქულიან ზღვარს ვერც მე-5 სპარინგ-მატჩში ასცდნენ.

ჰოლანდიის ნაკრებს რევანშის შანსი დღეს მიეცემა, როდესაც ისლანდიელებს სტუმრად კიდევ ერთხელ გაეჯიბრება, თუმცა, ვან ჰელფტერენის შეგირდთა მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს, ძნელად მოსალოდნელი სჩანს.

ისლანდია – ჰოლანდია 80:55 (22:10, 21:20, 13:15, 24:10)

ჰოლანდია: ვილიამსი (27 წ. 6 ქ.), დე იონგი (18 წ. 8 ქ. 3 მ. 6 პ.), აკერბოომი (20 წ. 7 ქ.), სმეულდერსი (12 წ. 5 ქ. 3 მ.), ნორელი (25 წ. 11 ქ. 6 მ.); ფრანკე (10 წ. 2 ქ), კლოოფი (13 წ. 3 ქ.), დურისო (10 წ.), პაგტერი (19 წ. 4 ქ. 10 მ.), კოენისი (8 წ. 2 ქ.), შაფტენაარი (12 წ. 5 ქ. 3 მ.), სლაგტერი (22 წ. 2 ქ. 4 მ.).

მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.

0.114999