კალათბურთი

13:33 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ხორვატიასაც გაუჭირდა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ხორვატიამ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელსაც მანამდე 2-ჯერ ჩვენი გუნდიც გაეჯიბრა, დაძაბულ ბრძოლაში – 74:62 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები ბოსნიელებს სლოვენიურ პოდჩეტრტეკში გაეჯიბრნენ და პირველ მატჩში 78:73 სძლიეს, შემდეგ კი, 67:82 წააგეს. ხორვატულ-ბოსნიური შერკინება ზაგრების უნივერსიტეტის დარბაზში მაყურებელთა გარეშე შედგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზეთა გაირკვა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა პირველი ტაიმი 2 ქულის სხვაობით მოიგო. ველიმირ პერასოვიჩის შეგირდებმა მე-3 მეოთხედის სტარტზე 14:0 “გაქცევა” მოაწყვეს და თითქოს, თამაშის ბედიც გადაწყვიტეს, თუმცა, სტუმრები ასე არ ფიქრობდნენ.

ბოსნიელებმა მობილიზება მოახერხეს და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, სხვაობა ერთ ქულამდე (58:59) დაიყვანეს. სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ხორვატიამ კიდევ 1 მძლავრი პერიოდი ჩაატარა და გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ პერასოვიჩმა მოსამზადებელ ციკლში პირველად, ყველა უძლიერესი კალათბურთელი დატვირთა. იგივე ბოიან ბოგდანოვიჩი, დარიო სარიჩი და ანტე ტომიჩი, რომლებიც ნაკრებს სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ, საქმეში იყვნენ და მოგებაში თავისი წვლილი შეიტანეს.

ყველაზე შედეგიანი ბოგდანოვიჩი იყო 15 ქულით, სარიჩმა 13 ქულა ჩააგდო, ეროვნული გუნდის კიდევ ერთმა გამოცდილმა წევრმა ლუკა ზორიჩმა კი მასპინძლებს 12 ქულა შეაშველა.

“კარგად დავიწყეთ, თუმცა, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა მეტი აგრესიულობა გამოამჟღავნა და წინაც გავიდა. მე-3 მეოთხედის სტარტზე მოვუმატეთ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ და თუნდაც ამგვარი რანგის თამაშში მარცხი ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა. ცხადია, ჯერ საუკეთესო ფორმისგან შორს ვართ. როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური კუთხით ბევრად უნდა მოვუმატოთ, რაშიც მომდევნო სპარინგ-მატჩები დაგეხმარება”, - აღნიშნა პერასოვიჩმა.

ცნობისთვის, ხორვატიის ნაკრებს მორიგი საკონტროლო შეხვედრა არენა ზაგრებზე (ევრობასკეტ-2015-ის C ჯგუფის შეხვედრებს სწორედ ეს სარბიელი უმასპინძლებს) ელის, სადაც გერმანია ჩააკითხავს. ეს მატჩი 14 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი. ისიც ვთქვათ, რომ 16-ში გუნდები ერთმანეთს უკვე ბრემენში შეხვდებიან.

ხორვატია – ბოსნია ჰერცეგოვინა 74:62 (17:17, 18:20, 16:9, 23:16)

ხორვატია: ტომიჩი (2), რამლიაკი (3), სტიპჩევიჩი (6), ბოგდანოვიჩი (15), სარიჩი (13), რუდეზი (7), უკიჩი (2), სიმონი (6), საკიჩი, ზუბჩიჩი, ბილანი (8), ზორიჩი (12).

მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.

0.170417