კალათბურთი

23:27 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგიც დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის "ბ"დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გუშინ შვეიცარიის განადგურების შემდეგ დღეს ქართველებმა არც ლუქსემბურგი დაინდეს და 34 ქულის სხვაობით - 77:43 სძლიეს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა. პირველ ტურში ქართველები ბელგიასთან 14 ქულით დამარცხდნენ და ჯგუფიდან გამსვლელ 2 საუკეთესო გუნდში მოხვედრა ეჭვქვეშ დააყენეს, თუმცა მორიგი მატჩები ერთი ამოსუნთქვით - რომ იტყვიან, ვარჯიშ-ვარჯიშ მოიგეს და მიზნის მისაღწევად ხელსაყრელ პოზიციაში არიან.

ლუქსემბურგთან მატჩის საწყისი პერიოდი ქართველებმა 24:11 მოიგეს, რის შემდეგაც ის გამონაკლისი მეოთხედი გათამაშდა, რომელიც ლუქსემბურგელებმა მოიგეს. მეტოქემ მინიმალური სხვაობით - 12:11 იმარჯვა, რის შემდეგაც დიდი შესვენება და მისი დასრულების შემდეგ ქართველების ჯერი დადგა. მესამე პერიოდი ჩერქეზიშვილის გუნდმა 23:8 მოიგო, ხოლო საბოლოოდ, როგორც თავში ვთქვით - 34 ქულით იმარჯვა.

ქართველ კალათბურთელთაგან 21 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გოგა ბითაძემ. 10-ქულიანი ზღვარი კიდევ ერთმა ქართველმა დაძლია - ზაურ ჯანელიძემ 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრები 2 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მეორე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დარჩენილ მატჩებში ბელარუსისა და უნგრეთის ძლევა ესაჭიროება. მომდევნო მატჩს ქართველები 9 აგვისტოს, უნგრეთის წინააღმდეგ - თბილისის დროით 19:15 საათზე ჩაატარებენ.

ევროპის ჩემპიონატი. "ბ" დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 8 აგვისტო
საქართველო 77:43 ლუქსემბურგი
24:11, 11:12, 23:8, 19:12
სრული სტატისტიკა: 77:43

www.gbf.ge

0.118617