რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გახსნით შეხვედრაში სარანსკის “მორდოვია” გროზნოში “ტერეკს” ესტუმრა და ნულოვანი ფრე ეთამაშა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე რთული დარტყმული მოიგერია. 28 წლის კიპერმა რუსეთის ჩემპიონატში “მორდოვიას” რიგებში პირველი მშრალი მატჩი ჩაატარა.
“მორდოვია” 4 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-10 ადგილზეა.
მატჩის მიმოხილვა
დანიის ჩემპიონატის მე-4 ტურის გახსნით მატჩში “ოდენსე” შინ “ორჰუსს” დაუპირისპირდა და ქულები გაიყო. მასპინძლები ორჯერვე იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა იბრძოლეს და ქულა მოიპოვეს. შეხვედრას საბოლოო წერტილი ქართველმა თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ დაუსვა, რომელიც 61-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და თავზე გადაუგდო ბურთი (VIDEO). მათემ 6 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 75-ე წუთზე ნორდშტენდმა შეცვალა. ვაწაძეს დანიის ჩემპიონატის 4 შეხვდარაში 3 გოლი დაუგროვდა. “ორჰუსის” მეორე ქართველი ლეგიონერი დავით სხირტლაძე 84-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. ქართველთა კლუბი 8 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.
ბელგიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “გენკი” გასვლაზე “ვარეგემს” შეხვდა და უგოლოდ გაეყარა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 71-ე წუთზე ენეს უნალიმ შეცვალა. მეორე ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 18-კაციან განაცხადში არ იყო. “გენკი” 4 ქულით მე-6 საფეხურზეა.
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ბრნომ” “სლავიას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ლევან ყენიამ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არაა. “სლავია” 1 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურში ლუცკის “ვოლინმა” შინ ხარკოვის “მეტალისტი” მიიღო და ფრედ 2:2 ეთამაშა (VIDEO). მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ალექსანდრე კობახიძე, რომელიც 71-ე წუთზე მემეშევმა შეცვალა. “ვოლინი” 5 ქულით მე-6 საფეხურზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-2 ტურში “პარიზმა” სტუმრად “ტურს” ნულოვანი ფრე ეთამაშა. სტუმართა ქართველი ლეგიონერი ამირან სანაია განაცხადში არ იყო. “პარიზი” 2 ქულით მე-10 ადგილზეა.