კალათბურთი

17:15 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ჩინეთი უმასპინძლებს

მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება. ფიბას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ოთხი წლის შემდეგ დანიშნული ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში ჩინეთს კონკურენციას ფილიპინები უწევდა, თუმცა განაცხადების პრეზენტაციის შემდეგ ხმათა უმრავლესობა ჩინეთმა მიიღო. ეს ქვეყანა ფიბას უმთავრეს ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ კმაყოფილებას ვერ ფარავდა ჩინეთის განაცხადის წარმდგენი იაო მინი: “ის, რომ 2019 წელს ფიბას მსოფლიო თასს ჩინეთში ჩავიტანთ, ამაღელვებელია. დარწმუნებული ვარ, ამ სიხარულს ჩვენთან ერთად მილიონობით ადამიანი იზიარებს. ამ უფლების მოპოვებაში ღირსეულ კონკურენციას გვიწევდა ფილიპინები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. მსოფლიოს ჩემპიონატის ჩინეთში ჩატარება დიდ ბიძგს მისცემს კალათბურთით ახალგაზრების უფრო მეტად დაინტერესებას”.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 2019 წელს პირველად ჩატარდება ახალი სისტემით. ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, შესარჩევი ეტაპი 2017 წელს დაიწყება და 2019 წლის თებერვლამდე გასტანს.

0.114388