ფეხბურთი

14:08 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “მთავარია ნაკრების ფეხბურთელებს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ”

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ჟურნალისტებს შეხვდნენ. თემა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა, ნაკრების მიზნები, ფედერაციის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და უეფას სუპერთასის გამართვა გახლდათ.

“ჯვაროსნების” დამრიგებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუნდის ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდა და მთავარია ნაკრების ყველა წევრს საკუთარ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

კახა ცხადაძე: “როდესაც მეექვსე კალათაში იმყოფები, ასარჩევად საქმე ნამდვილად არ გაქვს. წილისყრის შემდეგ განვაცხადე და ახლაც ვამბობ, რომ გრანდი ჩვენ ჯგუფში არ მოხვდა და ერთი დონის ნაკრებები არიან. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ისინი საბრძოლველად მზად არიან, ფსიქოლოგიურადაც კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან და ჩვენი მიზანი მესამე ადგილია. მთავარია, მოთამაშეებს საკუთარ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, შემდეგ კი რეალურად შევძლებთ ვიბრძოლოთ კარგი ადგილისთვის და შედეგი გვქონდეს. ახალგაზრდულ ნაკრებებს აქვთ შედეგი და ჩვენი პრიორიტეტია მათი კარგი თამაში. საკლუბო დონე ცუდ დღეშია და ისევ ახალგაზრდებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთ დღეში კი შედეგი ნამდვილად არ იქნება, ამას სჭირდება დიდი მუშაობა.”

რევაზ არველაძე: “მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში არ შევიჭრებით და მას ჩვენგან ექნება სრული მხარდაჭერა. ეს არის რეალური, მაღალი მიზნები და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, ახალგაზრდული გუნდები კარგად თამაშობენ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი წამოვიდა და გვაქვს წარმატების იმედი. ფედერაცია ყველანაირად გვერდში დაუდგება ნაკრებს. ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სათამაშო პრაქტიკა, რაც შედეგს მოიტანს”.

კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მუნდიალის სათამაშო კალენდარი ნაკრებისთვის მისაღებია, მომდევნო მატჩები ნაკრებს შოტლანდიასთან და ირლანდიასთან ელის და “ჯვაროსნების” დამრიგებელს აღნიშნული მატჩები სათამაშო ხარისხის გამოსასწორებლად სურს. გერმანიასთან დაპირისპირებამდე გუნდს სამი თამაში აქვს ჩასატარებელი, ცხადაძეს მაქსიმალურად სურს ნაკრებმა დონე აწიოს.

რევაზ არველაძეს მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე მიშელ პლატინთან ჰქონდა საუბარი. კითხვაზე კმაყოფილია თუ არა უეფას პრეზიდენტი სუპერთასის მოსამზადებელი სამუშაოებით, გენერალურმა მდივანმა შემდეგნაირად უპასუხა: “პლატინი თამაშის შემდეგ გამოხატავს კმაყოფილებას, თუმცა გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, უეფა სამუშაოებს აკვირდება და კმაყოფილია. მნიშვნელოვანია თამაშის დღეს მაღალი კულტურა გამოვავლინოთ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს და ვანახოთ ევროპას თუ ვინ ვართ. ასეთი დონის თამაში საქართველოში ჯერ არ გამართულა. “ბარსელონა” საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვა და გვექნება საშუალება ახლოდან ვნახოთ ვარსკვლავები. დამიჯერეთ, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, საქართველოს კიდევ ექნება შანსი კიდევ ბევრ მაღალ ტურნირს თუ თამაშს უმასპინძლოს.”

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ უეფასთან კავშირი არის და მათი ინიციატივაც გახლდათ არჩევნები სუპერთასის მატჩის შემდეგ დაინიშნოს. გენერალური მდივანი ხაზს უსვამს და პირობას დებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ სრული წესების დაცვით ჩატარდება და ეს იქნება დასაბამი კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნების ჩატარების.

0.115497