ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველის ლაშა კასრაძის აზრით, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, აზერბაიჯანული კლუბი შინ ბილბაოს “ატლეტიკთან” გოლს გაიტანს.
- “ინტერი” პირველ მატჩში დამარცხდა. იმ თამაშს როგორ გაიხსენებთ?
- “ატლეტიკის” სათამაშო დონე ყველამ იცის. ჩემი აზრით, ბილბაოში ცუდად არ გვითამაშია. თუ მცირე შეცდომებს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშეთ. უბრალოდ, ამ შეცდომების შემდეგ, ესპანელებმა გოლები გაგვიტანეს.
- “ატლეტიკი” ისეთი მეტოქე აღმოჩნდა როგორც წარმოგედგინათ თუ ესპანელების სათამაშო დონემ თქვენს მოლოდინს გადააჭარბა?
- ვიცოდი, რომ ისინი კარგად თამაშობენ და მაღალი დონის გუნდი ჰყავთ. ეს შედეგზეც აისახა.
- პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი, საპასუხო მატჩის წინ ოპტიმიზმს არ გისახავთ?
- რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. ორი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა.
- ბაქოში რა შედეგის იმედი გაქვთ?
- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დაკარგულია. ვნახოთ, რა იქნება.
- ალბათ, ნანობთ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ატლეტიკს” შეხვდით?
- დამიჯერეთ, პირიქითაა. მიხარია, რომ “ატლეტიკის” მსგავსი მეტოქე შეგხვდა. ამ გუნდისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.
- “ატლეტიკის” ბარიერის გადალახვა საოცრებაა?
- რატომ? ფეხბურთში ყველაფერი ხდება. დაველოდოთ მატჩს, დიდი ხანი ცდა არ მოგვიწევს.
- ესპანელებთან თამაში რთულია, ხოლო მათი ბარიერის გავლა საერთოდ პრობლემაა. მომდევნო რაუნდში გასასვლელად , “ატლეტიკთან” როგორ უნდა ითამაშოთ?
- სათანადო შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუ მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით ვითამაშებთ, დაცვაში შეცდომებს არ დავუშვებთ და გოლს გავიტანთ. მთავარია გვჯეროდეს. ჩვენ გვჯერა.
- ბილბაოში “ინტერმა” მეტოქის კარი ვერ აიღო. “სან-მამესზე” რომ გაგეტანათ ბაქოში უფრო გაგიადვილდებოდათ...
- ესპანეთში გოლის გატანის არცთუ ბევრი შანსი გვქონდა. საპასუხო შეხვედრაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ “ატლეტიკმა” ვერ გაგვიტანოს. თავად კი, მეტოქის კარის ასაღებად საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ. ვფიქრობ, ბაქოში “ატლეტიკს” გავუტანთ.
- თუ “ატლეტიკის” ბარიერს გადალახავთ, მაშინ ევროპა ლიგის ჯგუფში უნდა მოხვდეთ...
- მოდით, არ ავჩქარდეთ. ჯერ “ატლეტიკს” გავივლით და შემდეგ ვნახავთ, რა იქნება.