საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, შესაძლოა, ესპანური “ანდორას” წევრი გახდეს. ამ ცნობას Gigantes.com და Sportando.com ავრცელებენ.
ანდორელებმა შერმადინით (მან გასული სეზონი იტალიურ “კანტუში” გაატარა) დაინტერესება გამოთქვეს და სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებებიც მალე დაიწყება.
ცნობისთვის, “ანდორა” ესპანეთის უმაღლესი ACB ლიგის წევრია, გასულ სეზონში კი 12 მოგება და 22 მარცხი მოაგროვა და სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა.
გუნდის ამჟამინდელი განაცხადიდან შედარებით ცნობილი კალათბურთელები მაკედონიელი ვოიდან სტოიანოვსკი, ბრიტანელი დანიელ კლარკი, პორტუგალიელი ჟოაო გომეში, ესპანელი ვიკტორ სადა, სერბი ლუკა ბოგდანოვიჩი და ავსტრალიელი ნატან ჯავაი არიან.
ისიც ვთქვათ, რომ 26 წლის შერმადინის ესპანურ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. გიორგი სარაგოსას მაისურით საშუალოდ 12.9 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა, სანამ 2013-14 წლებისთვის პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდებოდა.
ამჟამად, ქართველი ცენტრი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და გუშინ, ბოსნიას-ჰერცეგოვინასთან პირველ საკონტროლო მატჩში 8 ქულა მოაგროვა.