2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიამ მოსამზადებელ ციკლში პირველი მარცხი განიცადა. იურე ზდოვცის შეგირდები ავსტრალიას ორ დღეში მეორედ დაუპირისპირდნენ და თუკი ლაშკოში 79:70 სძლიეს, ლიუბლიანაში 51:66 წააგეს.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ მასპინძლებს შეტევაში ძალიან უჭირდათ. სლოვენიამ 17 სამქულიანიდან ერთადერთი (!) გამოიყენა და 23 საჯარიმოდან 12 ჩააგდო, დიდად გამორჩეული კი ორქულიანების მაჩვენებელიც არ ყოფილა – 18 35-დან.
სლოვენიელები მეტოქეს მოხსნებშიც ჩამორჩნენ (37:42) და თავი ვერც მათმა ლიდერებმა გამოიჩინეს. მაგალითად, ზორან დრაგიჩი, რომელიც ავსტრალიასთან პირველ მატჩში 22 ქულას გამორჩა, ამჯერად, 29:12 წუთში 6 ქულას დასჯერდა. უმცროსმა დრაგიჩმა თამაშიდან 9-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და 1 შედეგიანი პასი ჰქონდა.
ზდოვცის გუნდში ნათელი წერტილი მხოლოდ ალენ ომიჩი იყო. ბოსნიურ ტუზლაში დაბადებულ 23 წლის ცენტრს სლოვენიის ნაკრებში დებიუტი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა, ამჯერად კი, 15 ქულას 12 მოხსნა წაამატა და ორმაგ დუბლს გამორჩა.
საინტერესოა, რომ დიდად თავი არც ავსტრალიელთა ლიდერებს გამოუჩენიათ. ნატან ჯავაი 5 ქულას დასჯერდა, დევიდ ანდერსენი – 7-ს, ხოლო “კლივლენდის” უკანახაზელმა მეთიუ დელავედოვამ თამაშიდან 7-ვე ტყორცნა ააცილა და 2 ქულა მოაგროვა. ამ ფონზე საუკეთესონი რაიან ბროეკჰოფი (13), კრის გულდინგი (12) და ბრედ ნიული (10) იყვნენ.
სლოვენიის ნაკრები რამდენიმე დღე მზადებას სამშობლოში გააგრძელებს, 8-9 აგვისტოს კი საკონტროლო მატჩები რიგაში ელის. ზდოვცის ბიჭები ჯერ პოლონეთს გაეჯიბრებიან, შემდეგ კი ძალებს მასპინძელ ლატვიასთან მოსინჯავენ.
სლოვენია – ავსტრალია 51:66 (10:12, 17:16, 14:17, 10:21)
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (18 წ. 3 პ.), ბლაჟიჩი (11 წ.), დიმეცი (9 წ. 3 ქ.), კლობუჩარი (21 წ. 7 ქ. 3 მ.), სლოკარი (24 წ. 2 ქ.); პრეპელიჩი (24 წ. 3 ქ. 3 მ.), ტომიჩი (18 წ. 5 ქ.), ზ.დრაგიჩი (29 წ. 6 ქ. 5 მ.), ბალაჟიჩი (26 წ. 8 ქ.), მაჰკოვიჩი (6 წ. 2 ქ.), ომიჩი (24 წ. 15 ქ. 12 მ.).
მწვრთნელი: იურე ზდოვცი.
სლოვენიელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი:
8 აგვისტო
სლოვენია – პოლონეთი (რიგა)
9 აგვისტო
ლატვია – სლოვენია (რიგა)
21 აგვისტო
სლოვენია – უკრაინა (ლიუბლიანა)
22 აგვისტო
სლოვენია – ფინეთი (ლიუბლიანა)
23 აგვისტო
სლოვენია – იტალია (ლიუბლიანა)
27 აგვისტო
სლოვენია – სერბეთი (ლიუბლიანა)
29 აგვისტო
სერბეთი – სლოვენია (ბანია ლუკა)