5 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის პირველ მატჩს გამართავს. სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში, სადაც იგორ კოკოშკოვის გუნდი საწვრთნელ შეკრებას გადის, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები ჩავა და ორ დღეში (5 და 6 აგვისტოს) საქართველოს ნაკრებს ორჯერ შეხვდება.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შეკრება 13 ივლისს, თბილისში, ფიზმომზადებით დაიწყო, ხოლო 24 ივლისიდან სლოვენიაში სრული შემადგენლობით გენერალურ შეკრებაზე გადავიდა. როგორი სიტუაციაა ნაკრებში, რა განწყობით ხვდებიან ჩვენები ბოსნიასთან მატჩს,ამის შესახებ მწვრთნელთა შტაბის წევრმა კოტე ტუღუშმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდთან ისაუბრა.
- როგორც იცით, სლოვენიაში ნაკრები გენერალურ შეკრებაზე გადავიდა. პოდჩეტრტეკში გუნდი ჩაიბარა იგორ კოკოშკოვმა და შემოგვიერთდნენ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი. მიმდინარეობს ინტენსიური ვარჯიშები, დასვენების დღე ჯერ არ ყოფილა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და რაც მთავარია, ბიჭებიც მოგვყვებიან.
- ანუ ფიზმომზადებაში პრობლემები არ გაქვთ?
- შეიძლება ითქვას, არა. ნაკრების წევრები საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და იმ დატვირთვებს, რომლებიც ვარჯიშებზე აქვთ, უპრობლემოდ იტანენ. მიუხედავად ამისა, ფიზმომზადების ვარჯიშები არ შეწყვეტილა და გეგმის მიხედვით, უფრო მსუბუქი ტემპით მიმდინარეობს.
- თორნიკე შენგელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ახლა როგორ არის მისი მდგომარეობა?
- მას კუნთი დაეჭიმა და ექიმების რეკომენდაციით რამდენიმედღიანი დასვენება აქვს. თბილისში ის ვარჯიშებს განაახლებს და 14-16 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირისთვის მზად იქნება.
- ბოსნიასთან მატჩს სათამაშო და ტაქტიკური კუთხით როგორი მომზადებულები ხვდებით?
- ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან ნაკრები შორსაა. ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ფორმის პიკს სექტემბრის დასაწყისში მივაღწიოთ, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ბოსნიასთან მატჩები საიმისოდაა, რომ დაგვანახოს ჩვენი გუნდის პლუს-მინუსები და შემდეგ, მომდევნო სპარინგ-მატჩებში მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ბოსნიის ნაკრებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, მათ აკლიათ მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. გუნდში არაა ნიჰად დედოვიჩიც.
- ორწლიანი შესვენების შემდეგ, ჩვენს ნაკრებს დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი. რას იტყვით მის ფორმაზე, როლსა და პოზიციაზე ჩვენს ნაკრებში?
- როცა მწვრთნელთა შტაბმა პულენის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა, პირველ რიგში ის იქნა გათვალისწინებული, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია და ნაკრების კალათბურთელებთან შეთამაშებულია. იმ ორ წელიწადში, რაც ჩვენს ნაკრებში არ უთამაშია, პულენმა კლასიც და პრესტიჟიც დიდად აიმაღლა. ის თამაშობდა ისრაელის “ჰაპოელში”, “ბარსელონაში”, იტალიის კლუბებში და ყველგან გამოირჩეოდა. “ბარსელონაში” ყოფნისას მან სულაც ლეგენდარული ოსკარ შმიდტის მიერ ესპანეთის ჩემპიონატში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, როცა “ვალიადოლიდთან” მატჩში 12 სამქულიანი ჩააგდო. მისი პოზიცაა 1-2 ნომერი. პულენს გამოვიყენებთ როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელის პოზიციაზე.
- ანუ შესაძლებელია ის მოედანზე გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან ერთად ვიხილოთ?
- რა თქმა უნდა, როგორც ცინცაძესთან, ისე მანუჩარ მარკოიშვილთან, რადგან მისი არსენალი ორივე – პირველ და მეორე ნომრის პოზიციას ითავსებს. ღმერთის წყალობით, თუკი ტრავმები არ იქნა, სასტარტო ხუთეულის რამდენიმე ვარიანტი გვექნება, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი, ხოლო მეტოქეთათვის მეტად უხერხული იქნება.
- იმ ქვეყნის ნაკრები, სადაც შეკრებაზე იმყოფებით, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეა. ამ მომენტს ალბათ კარგად იყენებთ...
- რა თქმა უნდა, ასეთ შანსს ხელიდან არ ვუშვებთ და იმ მატჩებს, რომელსაც სლოვენია შინ ატარებს, ვესწრებით. 3 დღის წინ უკვე ვიმყოფებოდით ამხანაგურ მატჩზე, რომელშიც სლოვენიამ ავსტრალიას უმასპინძლა და დაამარცხა. მართალია, სლოვენიელებს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ ეს გუნდი მაინც ფავორიტთა შორის განიხილება და ჩვენც მათ წინააღმდეგ მატჩში დიდი სიფრთხილე და მობილიზება გვმართებს.
www.gbf.ge