კალათბურთი

15:36 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი დრაგიჩი სლოვენიას 22 ქულით დაუბრუნდა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიამ მე-2 საკონტროლო მატჩი გამართა და ახალი ზელანდიის კვალად, ავსტრალიის დამარცხებაც მოახერხა – 79:70.

ლაშკოში გამართულ მატჩს 1 800 მაყურებელი დაესწრო, მთავარი სიახლე კი გუნდში ზორან დრაგიჩის გამოჩენა გახლდათ. ის ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა, პირველო სპარინგ-შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე გამორჩეულიც გახლდათ.

უმცროსმა დრაგიჩმა 26:18 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 22 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა, ამასთან, მეტოქეები მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ცხადია, ზორანი სლოვენიელთა რიგებში საუკეთესო იყო, მის გარდა კი, იაკა კლობუჩარი (14) და ალენ ომიჩიც (10) გამოირჩნენ.

იმ ფონზე, როდესაც მომავალ ევრობასკეტზე თამაში ზორანის უფროსმა ძმა გორანმა იუარა, სლოვენიელთა თავკაც იურე ზდოვცისთვის “ბოსტონ სელტიქსის” უკანახაზელის ეროვნულ ნაკრებში გამოცხადება ნამდვილად შვება უნდა იყოს.

გასულ თამაშში ზორანმა მხოლოდ საჯარიმოების სროლის დროს მოიკოჭლა და 13-დან 7 ტყორცნა გამოიყენა. საერთოდაც, ამ მხრივ მთლიანად სლოვენიის ნაკრებიც სუსტად გამოიყურებოდა და 25 საჯარიმოდან მხოლოდ 13 ჩააგდო, რაც 52%-ს შეადგენს.

“საჯარიმოები მართლაც ცუდად ვესროლე და რამდენიმე ეპიზოდში პასის გაცემაც მმართებდა, თუმცა, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და ეს ზღვარი სულაც არაა. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, უკეთეს ფორმაში შევალთ. სასიხარულოა, რომ საკმაოდ ძლიერი ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, ახალგაზრდა ბიჭებმა თავი დამაჯერებლად წარმოაჩინეს”, - აღნიშნა მატჩის შემდეგ დრაგიჩმა.

ისიც ვთქვათ, რომ ავსტრალიას მოედანზე მართლაც ყველა საუკეთესო ჰყავდა. ითამაშეს ნბა-ში გამობრძმედილმა მეთიუ დელავედოვამ, ენდრიუ ბოგუტმა, დევიდ ანდერსენმა, ნატან ჯავაიმ და სხვებმა. ყველაზე შედეგიანი თურქული “ბეშიქთაშის” ფორვარდი რაიან ბროეკლოფი იყო, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

დღეს, ლიუბლიანაში სლოვენია და ავსტრალია კიდევ ერთხელ ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 22:05 საათზე დაიწყება.

სლოვენია – ავსტრალია 79:70 (26:23, 20:11, 15:13, 18:23)

სლოვენია: იოკსიმოვიჩი (19 წ. 5 ქ.), ბლაჟიჩი (12 წ.), ომიჩი (16 წ. 10 ქ. 5 მ.), ლაპორნიკი (5 წ.), სლოკარი (28 წ. 7 ქ. 6 მ.); რუპნიკი (10 წ.), პრეპელიჩი (22 წ. 8 ქ. 3 პ.), ნიკოლიჩი (7 წ.), ზ.დრაგიჩი (26 წ. 22 ქ.), ბალაჟიჩი (29 წ. 9 ქ. 4 მ.), დიმეცი (6 წ. 4 ქ.), კლობუჩარი (20 წ. 14 ქ. 4 მ.),

მწვრთნელი: იურე ზდოვცი.

სლოვენიელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი:

4 აგვისტო

სლოვენია – ავსტრალია (ლიუბლიანა)

8 აგვისტო

სლოვენია – პოლონეთი (რიგა)

9 აგვისტო

ლატვია – სლოვენია (რიგა)

21 აგვისტო

სლოვენია – უკრაინა (ლიუბლიანა)

22 აგვისტო

სლოვენია – ფინეთი (ლიუბლიანა)

23 აგვისტო

სლოვენია – იტალია (ლიუბლიანა)

27 აგვისტო

სლოვენია – სერბეთი (ლიუბლიანა)

29 აგვისტო

სერბეთი – სლოვენია (ბანია ლუკა)

0.116433